ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ ჩეხეთის ნაკრების მცველმა, ტომაშ ჰოლეშმა ისაუბრა:
„პორტუგალიასთან ბოლო წუთებზე წაგებული მარცხის შემდეგ ძილი გაგვიჭირდა. კარგი თამაში იყო, ბევრი ემოციით, ადრენალინით და ცუდი დასასრულით ჩვენთვის. მხოლოდ 5 საათი მეძინა. იმ მატჩში ქულის აღება ძალიან დაგვეხმარებოდა. ახლა ყველამ ვიცით, რომ საქართველოსთან გასამართი მატჩი უმნიშვნელოვანესია. თუ იმ შეხვედრას მოვიგებთ, მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირებას მივუახლოვდებით.
ხვიჩა კვარაცხელიას სახით კიდევ ერთ უმაღლესი დონის მოთამაშეს დავუპირისპირდებით. ვიცით, თუ როგორ თამაშობს ის და რისი გაკეთება შეუძლია. ამ გამოწვევისთვის მზად ვიქნებით.“
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის ნაკრები პირველი ტურის მატჩში პორტუგალიასთან ბოლო წუთებზე გაშვებული გოლის შედეგად დამარცხდა, საქართველოს ნაკრებმა კი თურქეთთან განიცადა მარცხი. ამ გუნდების შეხვედრა 22 ივნისს, ჰამბურგში, 17:00 საათზე გაიმართება.