ევროპის ჩემპიონატის მომდევნო დღე C ჯგუფის მატჩით გაიხსნა, რომელშიც სერბეთის ნაკრები წაგებას 95-ე წუთზე გატანილი გოლით გადაურჩა და შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.
შეხვედრის პირველ ნახევარ საათში უფრო მეტად სლოვენიელები აქტიურობდნენ, თუმცა საქმე რეალურ მომენტამდე არ მისულა.
პირველი სახიფათო მომენტი 37-ე წუთზე ელსნიკს შეექმნა, როდესაც მისი დარტყმული კარის ძელმა აისხლიტა, დამატებაზე კი ბენჟამინ შეშკომ ვეღარ შეძლო ზუსტად დარტყმა. ამ მომენტმა სერბეთი შედარებით გამოაცოცხლა და 42-ე წუთზე შანსი ალექსანდრ მიტროვიჩმაც მიიღო, თუმცა მას იან ობლაკმა აჯობა.
მეორე ტაიმი სერბთა უპირატესობით დაიწყო. ორი შანსი ჰქონდა ალექსანდრ მიტროვიჩს, თუმცა შემტევმა მიზანს ვერ მიაღწია. სლოვენიელთა მხარეს კარგი დარტყმა შეასრულა ბენჟამინ შეშკომაც, თუმცა არანაკლებ კარგი მოგერიება შემოგვთავაზა რაიკოვიჩმა.
საბოლოოდ, ანგარიში 69-ე წუთზე გაიხსნა და სლოვენიელთა მხრიდან პირველი მატჩის მსგავსად, გოლი განაპირა მცველმა, ოღონდ ამჯერად მარჯვენა განაპირა მცველმა, ზან კარნიჩნიკმა გაიტანა. სლოვენიელთა 2-იანმა საკუთარ ნახევარზე მოიპოვა ბურთი, დიდი მანძილი გაირბინა და ელსნიკს გაუკეთა გადაცემა, თავად კი საჯარიმოში გაიხსნა. ელსნიკმა კარნიჩნიკის მოძრაობა დაინახა, ზუსტი გადაცემა გაუკეთა და ამ უკანასკნელმაც ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში.
თავისი შანსი კვლავ მიიღო ალექსანდრ მიტროვიჩმა, თუმცა მას ამჯერად უკვე ძელმა შეუშალა ხელი გოლის გატანაში. სერბთა ფორვარდის გარდა სხვა ფეხბურთელებიც ცდილობდნენ იან ობლაკის კარის აღებას, თუმცა წარმატებას ვერცერთმა მათგანმა მიაღწია, სანამ 95-ე წუთზე კუთხური არ დაინიშნა. საჯარიმოში სერბების მეკარე რაიკოვიჩიც ჩავიდა, ილიჩის მიერ ჩაწოდებულ კუთხურზე კი პირველმა ლუკა იოვიჩმა ითამაშა და გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა.
ამრიგად, დრამატული ფრის შემდეგ, ბოლო ტურის წინ, C ჯგუფში საინტერესო სიტუაცია შეიქმნა. 25 ივნისს, სლოვენია ინგლისს დაუპირისპირდება, თავის მხრივ, სერბეთის ნაკრებს იმავე დღეს დანიასთან თამაში მოუწევს. ამავე ჯგუფის მეორე მატჩი დანიასა და ინგლისს შორის სულ ცოტა ხანში, 20:00 საათზე დაიწყება.
სლოვენია 1:1 სერბეთი
კარნიჩნიკი (69) - იოვიჩი (90+5)
ალიანც არენა - მიუნხენი
მსაჯი: იშტვან კოვაჩსი (რუმინეთი)
სლოვენია (4-4-2): ობლაკი - კარნიჩნიკი, დრკუშიჩი, ბიოლი, იანზა - სტოიანოვიჩი (ვერბიჩი - 76), გნეჟდა ჩერინი, ელსნიკი (ბრეკალო - 90+1), მლაკარი (გორენჩ სტანკოვიჩი - 64) - შეშკო (ვიპოტნიკი - 76), შპორარი.
მთავარი მწვრთნელი: მატიაზ კეკი.
სერბეთი (3-4-1-2): რაიკოვიჩი - ველიკოვიჩი, მილენკოვიჩი, პავლოვიჩი - ჟივკოვიჩი (ბირმანჩევიჩი - 82), ილიჩი, ლუკიჩი (მილინკოვიჩ-სავიჩი - 64), მლადენოვიჩი (გაჩინოვიჩი - 46) - ტადიჩი (სამარჯიჩი - 82) - ვლაჰოვიჩი (იოვიჩი - 64), მიტროვიჩი.
მთავარი მწვრთნელი: დრაგან სტოიკოვიჩი.
C ჯგუფი | მ | ფ | წ | ქ | ბ | ა |
ინგლისი | 1 | 0 | 0 | 3 | 1/0 | 1 |
სლოვენია | 0 | 2 | 0 | 2 | 2/2 | 2 |
დანია | 0 | 1 | 0 | 1 | 1/1 | 3 |
სერბეთი | 0 | 1 | 1 | 1 | 1/2 | 4 |