საქართველოს 7-კაცა მომავალ კვირაში გერმანიაში, ჰამბურგში გაემგზავრება, სადაც 28-30 ივნისს რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს ითამაშებს.
პირველი, მაკარსკას (ხორვატია) ეტაპის მეოთხე ადგილზე დასრულების შემდეგ, საქართველოს 14 ქულა აქვს და 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის ეტაპზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს. ამისათვის საჭიროა, რომ ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა ჰამბურგში მაკარსკის შედეგი გაიმეოროს.
მოცემული მომენტისთვის ჩემპიონატს საფრანგეთი (20 ქულა) ლიდერობს, მეორე ადგილზე ირლანდია (18 ქულა), ხოლო მესამეზე გერმანიაა. საფრანგეთი და ირლანდია, ისევე როგორც მე-7 ადგილზე მყოფი დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი (მე-9 ადგილი), მსოფლიო სერიაზე მონაწილეობენ და შესაბამისად, ჩელენჯერზე მოსახვედრად ჩვენი კონკურენტები არ არიან.
შეგახსენებთ, ჩელენჯერზე ევროპიდან სამი გუნდი გადის და ამ მომენტისთვის პირველი გუნდი გერმანიაა (16 ქულა), საქართველო მეორე პოზიციაზეა (14 ქულა), მას 2 ქულით პორტუგალია, ხოლო 4-ით იტალია ჩამორჩება. მე-8 ადგილზეა ბელგია (6 ქულა), მე-10-ეზე ლიეტუვა (3 ქულა), ხორვატია და უკრაინა კი ბოლო ორ ადგილს იკავებენ.
ჰამბურგში, ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოს მეტოქეები ესპანეთი, ლიეტუვა და მასპინძელი გერმანია იქნებიან. 28 ივნისს ორი თამაშია – საქართველოს დროით 13:58 საათზე ესპანეთთან, ხოლო 18:58 საათზე ლიეტუვასთან. ჯგუფურ ეტაპს 29 ივნისს გერმანიასთან მატჩით (13:50 საათი) ვასრულებთ, რის შემდეგაც ფლეი ოფების დრო დადგება.
მეორე, დასკვნითი ეტაპი 30 ივნისს ნახევარფინალებითა და ფინალებით სრულდება.
RUGBY.GE