ფეხბურთი

1:00 | 20.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია: "ჯგუფიდან გასვლა თუ გვინდა, ჩეხეთთან უნდა მოვიგოთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქვილითაიამ თურქეთთან მატჩზე ისაუბრა და ასევე გააკეთა კომენტარი ჩეხეთთან მომავალ შეხვედრაზე.

"მიუხედავად კარგი თამაშისა, დავმარცხდით და ბედნიერი ვერავინ იქნებოდა. თუმცა, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე, თურქეთის დონის გუნდთან მარცხის შემდეგ გაქვს შეგრძნება, რომ თამაში მოსაგები გქონდა და ბევრი მომენტი შექმენი, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.

ყველა ვთანხმდებით, რომ აქ ტურისტებად არ ვართ წამოსულები და გვსურს შედეგის მიღწევა. თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა, ჩეხეთთან თამაში უნდა მოვიგოთ, რისთვისაც მზადება დღეს დავიწყეთ.

ბევრად ნაკლები იყო ქართველი გულშემატკივარი სტადიონზე, თუმცა ჩვენი ქომაგების გვერდში დგომა მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა. ბედნიერები ვართ, რომ ქართველი გულშემატკივარი ბოლომდე იხარჯება სტადიონზე. ჩვენც იგივეს შემოგთავაზებთ, რასაც აქამდეც ვაკეთებდით - ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯებით, რომ გულშემატკივრები კმაყოფილები წავიდნენ სტადიონიდან", - თქვა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი 22 ივნისს, ჰამბურგში გაიმართება.

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია

0.109122