ფეხბურთი

23:21 | 19.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

მუსიალამდე იყო ქართველი!

იცით ეგეთი ხალხი - იორუბა?

ნეგროიდული რასის ხალხია დასავლეთ აფრიკის ოთხ ქვეყანაში: ნიგერიაში, ტოგოში, ბენინსა და განაში. არ არიან ცოტანი - სადღაც 40 მილიონამდე.

და იცით ვინ არის ნიგერიელი იორუბა დანიელ რიჩარდი? და მისი მეუღლე კაროლინი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის მაგისტრი, სოციოლოგი?

არააა? სირცხვილი და თავის მოჭრა!

და მაგათი შვილი მაინც არ იცით, შტუტგარტში დაბადებული და ლონდონში გაზრდილი, ვისაც ინგლისის ასაკობრივ ნაკრებებში 19 მატჩი აქვს ჩატარებული, ოღონდ ეხლა გოლები გერმანული ნაციონალმანშაფტისთვის გააქვს? იმ დღესაც გაიტანა შოტლანდიასთან და დღესაც უნგრეთთან.

ყოჩაღ, ეგ გცოდნიათ - ჯამალი, ამ ევროს ჯერჯერობით საუკეთესო ბომბარდირი, ვისაც დაბადებისთანავე საბუთებში დედის პოლონური გვარი ჩაუწერეს - მუსიალა.

და იცით, რომ ეს ჩვენი ჯამალი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში სულ მეორე ფეხბურთელია, ვინც 21 წლისამ შეძლო პირველ ორ თამაშში გოლების შეგდება?

აწი გეცოდინებათ.

და იცით, ვინ იყო პირველი?

საეჭვოა.

აგერ ფოტოზეა ეგ ბიჭი, დედას რომ უზის კალთაში. მარჯვნივ მისი უფროსი ძმა გელაა. გელა საქართველოში დაიბადა 1987-ში. ამათი მამა ტარიელი (პასპორტით ელიზბარი) ახმეტის რაიონის სოფელ ფიჩხოვანში დაიბადა და გაიზარდა. 1989-ში აიკრა გუდა-ნაბადი ამ ტარიელმა და ოჯახით იმ ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, მთელმა მსოფლიო ძალიან ტრაგიკული ამბით რომ გაიცნო.

სწორედ იქ დაიბადა გელას პატარა ძმა, რომელიც ფეხბურთელი გახდა და რომელმაც თავისი პირველი მატჩი 17-წლამდელთა ნაკრებში საქართველოს წინააღმდეგ ითამაშა.

მაგ დროს გვარი უკვე გადაკეთებული ჰქონდათ მასაც, მამამისსაც და გელასაც. იყვნენ ზაღოშვილები და გახდნენ ძაგოევები.

მოკლედ, მუსიალამდე იყო ბესლანელი ალან ძაგოევი, ერთ დროს რუსთა მთავარი საფეხბურთო იმედი, დიდი ვერაფერი კარიერა შარშან რომ დაამთავრა...

ნახეთ, ერთბაშად რამდენი რამ გაიგეთ?

შემოგვიარეთ ხოლმე

#zmამბები

0.11641