ევრო 2024-ზე მეორე ტური დაიწყო მასპინძელმა გერმანიის ნაკრებმაც, რომელმაც უნგრეთი 2:0 დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და გოლიც ამ ჩემპიონატზე ტრადიციულად, პირველ ნახევარ საათში გავიდა. 22-ე წუთზე უნგრელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობის დროს სიტუაციაში ყველაზე კარგად ილქაი გიუნდოგანი გაერკვა, რომელმაც უკან პასი ჯამალ მუსიალას დაუგორა, ამ უკანასკნელის დარტყმული კი მცველთან კონტაქტის შემდეგ უნგრელთა კარში შევარდა - 1:0.
გაშვებული გოლის შემდეგ უნგრელები გააქტიურდნენ და რამდენიმე მომენტი დომინიკ სობოსლაის შეექმნა. „ლივერპულის“ ნახევარმცველს შანსი ჯერ ჯარიმიდან, შემდეგ კი თამაშიდან ჰქონდა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო.
პირველი ტაიმის ბოლოს უნგრეთმა გოლი კი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა და შესვენებაზე გერმანია მინიმალური უპირატესობით გავიდა.
მეორე ტაიმი შედარებით მშვიდად დაიწყო და 67-ე წუთამდე ფაქტობრივად, მომენტიც არ შექმნილა. ყურადღების ცენტრში კვლავ „ბარსელონას“ ნახევარმცველი, ილქაი გიუნდოგანი მოექცა. 21-ე ნომერი მეტოქის საჯარიმოში კარგად გაიხსნა, მაქსიმილან მიტელშტადტისგან კარგი პასიც მიიღო და შესანიშნავადაც დაარტყა - 2:0.
დარჩენილ დროში უნგრეთს ერთი ნახევრადმომენტი შეექმნა, თუმცა ნოიერის კარის ბადე არ შერხეულა და შეხვედრაც ასე დასრულდა.
ამრიგად, გერმანიამ მეორე მატჩიც მოიგო და ჯგუფიდან გასვლის ამბავიც მოაგვარა. ამ ჯგუფის მეორე მატჩი 23:00 საათზე, შოტლანდიასა და შვეიცარიას შორის გაიმართება. ბოლო ტური კი 23 ივნისს ჩატარდება - გერმანია შვეიცარიას დაუპირისპირდება, უნგრეთი - შოტლანდიას.
გერმანია 2:0 უნგრეთი
მუსიალა (22), გიუნდოგანი (67)
შტუტგარტ არენა - შტუტგარტი
მსაჯი: დანი მაკელი (ნიდერლანდები)
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, რუდიგერი, ტა, მიტელშტადტი - ანდრიხი (ჯანი - 72), კროოსი - გიუნდოგანი, (უნდავი - 84) ვირცი (ზანე - 58), მუსიალა (ფიურიხი - 72), - ჰავერცი (ფულკრუგი - 58).
უნგრეთი (3-4-2-1): გულაჩში - ფიოლა, ორბანი, დარდაი - ბოლა (ადამი - 75), ა. ნაგი (კლაინჰაიზლერი - 64), შეფერი, კერკეჟი (ზ. ნაგი - 75) - სობოსლაი, სალაი (ცსობოტი - 87) - ვარგა (გაზდაგი - 87).
A ჯგუფი | მ | ფ | წ | ქ | ბ | ა |
გერმანია | 2 | 0 | 0 | 6 | 7/1 | 1 |
შვეიცარია | 1 | 0 | 0 | 3 | 3/1 | 2 |
შოტლანდია | 0 | 0 | 1 | 0 | 1/5 | 3 |
უნგრეთი | 0 | 0 | 2 | 0 | 1/5 | 4 |