ფეხბურთი

20:23 | 19.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: „ისეთ ჯგუფში ვართ, სადაც სიურპრიზების მოხდენაც შეგვიძლია“

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც ევრო 2024-ის პირველი ტურის მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, Sky Sports-ს ესაუბრა:

„საბერძნეთთან მატჩში ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ცვლილების შემდეგ მხოლოდ ყურება შემეძლო. თან მცხელოდა და თან მციოდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ წარმატებას მივაღწევდით. ქართველებისთვის ამ შედეგის დაფიქსირება შეუძლებელი ჩანდა, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ. მაშინ არ ვიცოდით მეორე შანსი როდის მოგვეცემოდა. პირველი ვერ გამოვიყენეთ, თუმცა მეორედ ყველაფერი შევძელით.

ალბათ, ეს ჩემი კარიერის ყველაზე დიდი მიღწევაა. ეს ერთი ღამის ამბავი იყო, რომელსაც 2 წლის განმავლობაში ველოდით. ესპანეთთან 1:7 მარცხის შემდეგ ვიცოდით, რომ ერთა ლიგა ჩვენი საუკეთესო შანსი იყო. ბოლო მატჩისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზადებოდა. ეს გრძელი პროცესი იყო. გუნდის შენება ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეობდა. გუნდი უფრო გაახალგაზრდავდა და ახალი მწვრთნელი მოვიდა.

სანიოლი ყოველთვის პოულობს საჭირო სიტყვებს თამაშის დაწყებამდე, მის მიმდინარეობისას და შემდეგაც. მისი ეს სიმშვიდე ჩვენც გადმოგვედო. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ერთი დიდი ოჯახი ვართ. ერთად ყოფნა გვიხარია.

კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ თამაშს ძალიან ველოდები. როდესაც ასეთ მაღალი დონის ფეხბურთელებს ეთამაშები, ყველაფერს სხვანაირად ხედავ. იმედი მაქვს, მას ბევრს ვაწუწუნებთ და არ გავატანინებთ. გერმანიაში დასასვენებლად არ ჩამოვსულვართ. ქულების აღებას ვაპირებთ. ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ. ისეთ ჯგუფში ვართ, სადაც სიურპრიზების მოხდენაც შეგვიძლია.“

ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, საქართველოს ნაკრებს პირველ მატჩში ვერ დაეხმარა. თურქეთთან გამართული შეხვედრა სამწუხაროდ, ქართველთა მარცხით, 1:3 დასრულდა.

0.126975