ფეხბურთი

18:59 | 19.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალბანეთმა ბოლომდე იბრძოლა და ხორვატიას ქულები წაართვა

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტური B ჯგუფის დრამატული მატჩით გაიხსნა, რომელშიც ალბანეთის ნაკრებმა ხორვატიას ქულები ბოლო წუთებზე წაართვა.

იტალიასთან მატჩის მსგავსად, ალბანეთმა სწრაფი გოლის გატანა ამ შეხვედრაშიც შეძლო. მართალია 23-ე წამზე ვერა, თუმცა მე-11 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ასანის მიერ ჩაწოდებულ ბურთს ლაჩი თავით გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა - 0:1.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ უფრო მწვავე შეტევები პირველ ტაიმში კვლავ ალბანეთის ნაკრებს ჰქონდა, ხორვატიის ინერტული შეტევები კი სტრაკოშას კარს ვერანაირ ხიფათს უქმნიდა. საბოლოოდ, პირველი ტაიმი დამსახურებულად, ალბანელთა გამარჯვებით დასრულდა.

ხორვატია მეორე ნახევარში საქმეს უფრო სერიოზულად მიუდგა. იყო ცვლილებაზე შემოსული სუჩიჩის და კოვაჩიჩის დარტყმები.

74-ე წუთზე სეფერიმ მეტოქის ნახევარზე მოიპარა ბურთი და კარგადაც დაიძრა, თუმცა სამი თანაგუნდელიდან არცერთს მისცა პასი და თავადვე, ძალიან სუსტად დაარტყა. ლივაკოვიჩმა ბურთის ხელში დაჭერის შემდეგ თამაში სწრაფად განაახლა და იმავე შეტევაში, კოვაჩიჩი-ბუდიმირის კომბინაციის შედეგად, ანდრეი კრამარიჩმა ანგარიში გაათანაბრა - 1:1.



გაშვებულმა გოლმა ალბანეთის დაცვა მოშალა. ერთხელ, გაშვებულ გოლს გადარჩა სილვინიოს გუნდი, თუმცა მალევე, ბუდიმირის აქტიურობის, სუჩიჩის დარტყმის და რამდენიმე რიკოშეტის შედეგად, ბურთი გიასულას ფეხიდან ალბანელთა კარში შევარდა - 2:1.

ამის შემდეგ, ალბანეთის ნაკრებს შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გუნდმა ბოლო ძალები იპოვა და 95-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან გაკეთებული გადაცემის შემდეგ გიასულამ უკვე მეტოქის კარშიც შეძლო გოლის გატანა და ანგარიშიც გაათანაბრა - 2:2.



ამ ჯგუფის მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ესპანეთსა და იტალიას შორის ხვალ გაიმართება, 24 ივნისს კი ბოლო ტურში, ერთმანეთს ხორვატია-იტალია და ესპანეთი-ალბანეთი დაუპირისპირდებიან.

ხორვატია 2:2 ალბანეთი

ლაჩი (11), გიასულა (90+5) - კრამარიჩი (74), გიასულა (ავტოგოლი) (76)


ფოლკპარკშტადიონი - ჰამბურგი
მსაჯი: ფრანსუა ლეტექსიე (საფრანგეთი)

ალბანეთი: (4-3-3)
სტრაკოშა - ჰისაი, ჯიმსიტი, აიეტი, მიტაი - ასლანი, რამადანი (ჰოჯა - 85), ლაჩი (გიასულა - 73) - ასანი (სეფერი - 64), ბაირამი, მანაი (დაკუ - 85).

ხორვატია (4-3-3): ლივაკოვიჩი - იურანოვიჩი, შუტალო, გვარდიოლი, პერიშიჩი (სოსა - 84) - მოდრიჩი, ბროზოვიჩი (პაშალიჩი - 46), კოვაჩიჩი - მაიერი (სუჩიჩი - 46), კრამარიჩი (ბატურინა - 84), პეტკოვიჩი (ბუდიმირი - 74).

B ჯგუფი
ესპანეთი 1 0 0 3 3/0 1
იტალია 1 0 0 3 2/1 2
ალბანეთი 0 1 1 1 3/4 3
ხორვატია 0 1 1 1 2/5 4
0.132626