ფეხბურთი

23:14 | 18.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "მომავალში ასეთ მატჩებს აღარ წავაგებთ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში თურქეთის ნაკრებთან მატჩის (1:3) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„როდესაც თამაშს აგებ, ეს არ არის კარგი, მაგრამ ჩემს გუნდზე და ჩემს თავზეც მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მნიშვნელოვანი რაღაც სხვა იყო, რადგან ძალიან კარგად ვითამაშეთ, ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, თუმცა ეს ფეხბურთია. წაგებით არ ვართ ბედნიერები, მაგრამ ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ევროპის ჩემპიონატზე ყოფნა ერთგვარი ჯილდოა იმ სამუშაოს, რომელიც ფეხბურთელებმა, სტაფმა, ფედერაციამ ამ წლების განმავლობაში გაწიეს და ძალიან მახარებს, რომ ამის მონაწილე მეც ვარ.

რა თქმა უნდა, ჯგუფიდან გასვლა უნდა იყოს მიზანი, მაგრამ ჩვენთვის ახლა მთავარი ისაა, რომ თავი კარგად წარმოვაჩინოთ და მივიღოთ გამოცდილება, რადგან ჯერ კიდევ განვითარების სტადიაში ვართ. ეს ტურნირი დაგვეხმარება, რომ მომავალში კიდევ უფრო გავიზარდოთ. ახლა ჩეხეთთან მატჩისთვის ენერგია უნდა აღვიდგინოთ და მჯერა, რომ ისევ მოვახერხეთ ამ დონეზე თამაშს.

ბოლო წუთზე მამარდაშვილი საჯარიმოში რატომ ჩავიდა? იმიტომ, რომ არ გვინდოდა წაგვეგო და გვსურდა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ფეხბურთში ეს ხდება. ვფიქრობ, რომ მარცხს არ ვიმსახურებდით.

დღეს საქართველოს ნაკრებს ცოტა ხარისხი და გამოცდილება დააკლდა, ეს ყველაფერი კი, ამგვარი მატჩებიდან მოდის. დარწმუნებული ვარ, მომავალში ასეთ თამაშს არ წავაგებთ, რადგან აქ თითოეული წუთიდან ვსწავლობთ.

„დორტმუნდის“ სტადიონი მსოფლიოში ერთ-ერთი ფანტასტიკურია, რომ მე რომ ამას „დორტმუნდის“ სტადიონზე ვამბობ, ეს ნიშნავს, რომ მართლაც ასეა. დღესაც საოცარი გარემო იყო, ფეხბურთი ასეთი ატმოსფეროსთვის არსებობს, ერთადერთი იმაზე ვწუხვარ, რომ საქართველოს ჰიმნზე ისმოდა შეძახილები და სტვენა, ეს არ იყო კარგი. ზოგადად კი, შესანიშნავი ატმოსფერო იყო“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მეორე ტურში 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

WORLDSPORT.GE დორტმუნდიდან

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია

0.112693