ფეხბურთი

16:17 | 18.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

შემოაბრუნეთ ჩარხი ბოლომდე!

1989-90 წლების მიჯნაზე, მაშინ როდესაც საქართველოში ეროვნული მოძრაობა პრაქტიკულად პიკში იყო, ზვიად გამსახურდიას ახლო გარემოცვის ერთ-ერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა თქვა: 90-ში ფიზიკურად ვეღარ ვასწრებთ, მაგრამ 1994-ის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე არათუ გავალთ, საპრიზო სამეულშიც კი მოვხვდებითო...

არაფერს ვიგონებ!..

მაშინ პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ამ „სასიხარულო წინასწარმეტყველებამ“ ჩვენამდე რომ მოაღწია, ჯგუფელმა ბიჭებმა ჯერ ერთმანეთს ფრთხილად გადავხედეთ (ემანდ, ეროვნული მოძრაობის ამბავში არაფერი შეგვეშალოსო), მერე კი, ურთიერთგამოხედვაში ერთი და იგივე აზრი რომ დავიჭირეთ, ცოტა მოგუდული სიცილის თანხლებით იმ დროისთვის ჯერ კიდევ არარსებული საქართველოს ეროვნული ნაკრების შანსები ჩავაანალიზეთ (საქართველოს ნაკრების არ იყოს, არც ეს სიტყვა არსებობდა იმ დროისთვის).

უნდა ითქვას, რომ მაშინდელ საქართველოში იმდენად ამაღლებული განწყობა იყო, ძალიან ბევრ რამეს (ბევრ სფეროს და მათში ქართველთა პოტენციალს) მოსახლეობის უმეტესობა ობიექტურად ვერ აფასებდა და იმის დაშვებაც კი არ უნდოდა, რომ მთლად მთებს თუ არ გადავდგამდით, ხელშესახებ წარმატებასაც კი ვერ მივაღწევდით და ჩვენი ყოვლისშემძლეობით მსოფლიოს ვერ ავალაპარაკებდით. ზოგადად, კარგ და იმედიან განწყობაში ცუდი არაფერია, მაგრამ ძალიან ზედმეტი მოგვდიოდა...

შემდგომ წლებში ჩვენს ქვეყანაში მოვლენები ისე განვითარდა, რომ უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე გასვლა და საპრიზო სამეულში მოხვედრაზე ფიქრი, წლების განმავლობაში მშვიდობაზე, შუქსა და ნორმალურ საკვებზე ოცნებამ ჩაანაცვლა.

სხვისი რა გითხრათ და პრაქტიკულად მას შემდეგ ვოცნებობდი საქართველოს ნაკრები დიდ საფეხბურთო ფორუმზე მეხილა, იმ ამბის შემდეგ კი, თითქმის 35 წელიწადი გავიდა. ანუ პრაქტიკულად მთელი შეგნებული ცხოვრება ამაზე ოცნებაში გავატარე...

ობიექტურად თუ ვიტყვით და იმდროინდელ ქართულ საფეხბურთო დონეს რეალურად თუ შევაფასებთ, ეს ოცნება რამდენიმე წელიწადში რომ ამხდარიყო და საქართველო დიდ საფეხბურთო ფორუმზე მართლაც მოხვედრილიყო, ამაში გასაკვირი არც არაფერი იქნებოდა. 80-იანი წლების მეორე ნახევარში გამობრძმედილ, საკმარისად მაღალი დონის მოთამაშეებს და მათ შორის რამდენიმე მართლაც გამორჩეულ ფეხბურთელს (კეტაშვილი, კუდინოვი, ქეცბაია, ფანცულაია, გურული, გოგრიჭიანი, რევიშვილი, ცხადაძე...) 90-იანების დასაწყისში ტალანტების მთელი არმია თუ არა, კარგა მოზრდილი ჯგუფი დაემატა (ქინქლაძე, არველაძეები, ჯამარაული, დევაძე, ნემსაძე...).

ამ დონის ფეხბურთელებს ბევრი ევროპული ნაკრები ინატრებდა საკუთარ გუნდში და თითქოს, ჩვენი დროც უნდა მოსულიყო, მაგრამ...

ბედის ჩარხი უკუღმა დატრიალდაო, თუ ვინმეზე ითქმის, ეს ჩვენზეა. კაი დაწყევლილებივით დაგვემართა:

ჯერ იყო და, პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველივე მატჩში (1990 წლის 30 მარტი, თბილისის „იბერია“ - ფოთის „კოლხეთი 1913“) საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა და იმ დროისთვისთვის მართლაც გამორჩეულმა ფეხბურთელმა გელა კეტაშვილმა (1988 წლის, სეულის ოლიმპიადის გამარჯვებულია, თანაც საბჭოთა კავშირის იმ ნაკრებში ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო) საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში გატანილი გოლების ანგარიში ასე გახსნა (თავად ფეხბურთელზე ამ ფაქტმა ძალიან უარყოფითად იმოქმედა, გული ვეღარ მოიბრუნა და პრაქტიკულად, მალევე ჩამოშორდა ფეხბურთს. არადა, იმ ავტოგოლის დროს მხოლოდ 24 წლის იყო)...

მოკლედ, საკუთარ თავს გავუტანეთ!

ამას მოჰყვა 1993 წლის 18 აგვისტო: თბილისის „დინამო“ (სახელი უკვე შეცვლილი იყო. სიმბოლურია - იმ დროისთვის შევარდნაძემ გამსახურდია უკვე ჩაანაცვლა) დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველად გავიდა ევროტურნირებზე და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოირლანდიურ „ლინფილდს“ ორი მატჩის ჯამში აჯობა კიდეც (2:1 და 1:1), მაგრამ შემდგომ გაირკვა, რომ 18 აგვისტოს თბილისში გამართული მატჩის წინ „დინამოს“ წარმომადგენლებმა მთავარ მსაჯს ერმან თოროღლუს ქრთამი შესთავაზეს. უეფამ რა თქმა უნდა ქართველებს ეს არ აპატია და ჩვენი დისკვალიფიკაციის შედეგად შემდეგ ეტაპზე „ლინფილდი“ გავიდა...

მოკლედ, მეორედ გავუტანეთ საკუთარ თავს!

დადგა 1994 წელი და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს პირველად მიეცა დიდ საფებურთო ფორუმზე (ევრო-1996-ზე) გასასვლელად შესარჩევ ტურნირში მონაწილეობის უფლება და ტურნირის პირველ მატჩში, 7 სექტემბერს, საქართველო მოლდოვას მასპინძლობდა.

ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რომ შევიტყვეთ, ეგრევე რაოდენ დიდი ანგარიშებით გამარჯვებაზე ავლაპარაკდით მთელი საქართველო. 3:0 კი არა, 5-ით, 6-ით, სულაც 7:0-ს რომ მოვიგებდით, ეჭვი არ გვეპარებოდა. თანაც ყველა 0-ს ვუწერდით მოლდოველებს, ერთ გოლსაც კი არ ვატანინებდით (ხანდახან ასეთი მასპინძლობაც ვიცით)...

თითქოს საფუძველიც გვქონდა - 1991 წელს, კიშინოვში გამართულ ამხანაგურ მატჩში ქართველებმა 4:2 მოიგეს. ამას ისიც დაემატა, რომ ეროვნულ ნაკრებთა მატჩის წინა დღეს ქართველმა 21-წლამდელებმა მოდლოველები 3:0 გაანადგურეს (მარტო ანგარიშით არა - თამაშითაც).

7 სექტემბერს თბილისში „დინამოს“ სტადიონი რა თქმა უნდა გადაივსო და ყველა სტუმართა, როგორც იტყვიან, „შეჭმას“ ელოდა. შემადგენლობაც ისეთი გვყავდა, სხვა შედეგზე ვერც იფიქრებდი.

დაიწყო თამაში და... უამრავი საგოლე მომენტის შექმნის, ძელისა და ხარიხის მიუხედავად, მასპინძლებმა 7 კი არა, ერთი გოლიც ვერ გაიტანეს. სამაგიეროდ, ერთი კარგი კონტრშეტევა და მოდლოველი ოპრიას მშვენივრად შესრულებული, ოდნავ მოჭრილი დარტყმის შედეგად სტუმრებმა მატჩის ერთადერთი გოლის გატანა შეძლეს. ამ თამაშზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტუმრებმა კი არ მოიგეს, ჩვენ წავაგეთ...

ჰოდა, მოკლედ, მესამედაც გავუტანეთ საკუთარ თავს!

დაბადებისა და ჩამოყალიბების პირველივე წლებში სამჯერ რომ გაუტან საკუთარ თავს (ეროვნულ ჩემპიონატზე, ევროთასებზე და ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე), იქ აბა, რაღაზე უნდა ილაპარაკო...

ასე მიყვებოდა წლები წლებს, წარუმატებლობა კი წარუმატებლობას - ეროვნული ჩემპიონატის დონე წლიდან წლამდე უარესდებოდა და ერთი-ორი მცირე გამონათების გარდა, ვეღარც ევროთასებსა თუ ევროპისა და მსოფლიოს შესარჩევებში ვაღწევდით ხელშესახებ შედეგს.

რეალურად არც კი ჩანდა გზა, რომელიც ევროს ან მსოფლიოს ფინალურ ტურნირზე მოგვახვედრებდა...

და აი, რამდენიმე წლის წინ, უეფამ უდიდესი საჩუქარი გაგვიკეთა (ჩვენ და ჩვენნაირ ქვეყნებს) და პირველივე ჯერზე თუ ვერა, მიმდინარე წელს ხომ მაინც მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება:

2024 წლის 26 მარტი. თბილისი. „დინამო არენა“. საქართველო-საბერძნეთი

კვეკვესკირის ზუსტად შესრულებული პენალტი და საქართველო ისტორიაში პირველად უდიდეს საფეხბურთო ფორუმზეა!..

ეს ამბავი თითქოს რაღაცნაირად გაგრძელება იყო 13 წლის წინანდელი ამბისა, როდესაც 2011 წლის 26 მარტს, ასევე თბილისში „დინამო არენაზე“, ევრო-2012-ის შესარჩევი ტურნირის მატჩში, კანკავა-მარცვალაძე-კობიაშვილის კომბინაციითა და ბოლო წუთზე გატანილი გოლის შედეგად საქართველომ ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი და ტიტულოვანი მეტოქე, ხორვატია დაამარცხა.

დღეს არც 26-ია და არც მარტია, მაგრამ საქართველო ხოა?..

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.19012