ფეხბურთი

22:37 | 17.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

მონტელა: "საქართველო უხერხული მეტოქეა და დიდ პატივს ვცემთ"

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და როგორც მან თქვა, თურქეთის ნაკრებმა წელს დაამტკიცა, რომ ტენდენციების შეცვლა შეუძლია.

„პირველ ტურში ყოველთვის ვაგებთ? ბიჭებმა წელს დაამტკიცეს, რომ გარკვეული ტენდენციების შეცვლა შეუძლიათ, 62 წლის შემდეგ პირველად მოვიგეთ გერმანიასთან, პირველად დავამარცხეთ ხორვატიაც, ასე რომ, კარგი დროა ტენდენციის შესაცვლელად.

არდა გიულერი თავს კარგად გრძნობს, მარტის შემდეგ მისი სათამაშო დრო გაიზარდა, ესპანეთის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა და ახლა აქვს შანსი, რომ ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშოს.

არ გვინდა, რომ მილიონობით თურქს, რომლებიც აქ ან თურქეთში არიან, იმედი გავუცრუოთ. თურქეთში ჩემი მუშაობის წლებმა მასწავლა, რომ აქ მთავარია გულით თამაში.

გუნდში შემთხვევით მიღებული სერიოზული ტრავმები იყო, ძალიან ვწუხვარ ბიჭების გამო, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია, მყავს შემადგენლობა და არჩევანიც საკმაოდ მაქვს. ბევრ ნაკრებს ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც სეზონში 55 მატჩი ითამაშეს, ჩვენთან ასეთები ბევრი არაა და ეს უპირატესობაა.

გვაქვს ოცნება და ვნება, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა, ეს ეხება საქართველოსაც, იტალიასაც, თურქეთსაც. მოტივაცია ყველას აქვს. მე ასე ვიტყოდი, რომ მთავარია ეს არ გადაიზარდოს ჰიპერმოტივაციაში, რამაც შეიძლება შეგვაფერხოს. ეს მხოლოდ ფეხბურთია.

ნამდვილად არ მახსოვდა, რომ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ნათამაშები მქონდა. ჩვენ გავაანალიზეთ საქართველოს ნაკრების თამაში, რომლის წინააღმდეგ თამაში ურთულესია, კონტრშეტევებზე შესანიშნავად მოქმედებენ. ეს იქნება მატჩი, რომელშიც უნდა დავიცვათ ბალანსი, გვქონდეს ორგანიზაცია და მოთმინების უნარი, რათა შესაბამის მომენტში ამით ვისარგებლოთ. საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ“, - თქვა მონტელამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის ნაკრებთა მატჩი 18 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

WORLDSPORT.GE დორტმუნდიდან

ჩვენი მხარდამჭერია სპორტისა და კულტურის სამინისტრო და ჟურნალისტთა ასოციაცია

0.128243