2006 წლის ზაფხულია, 14 წლის ვარ და მსოფლიოს ჩემპიონატზე არც ერთ თამაშს ვტოვებ. თამაშს კი, არა, ყველა სპორტული გაზეთი, რაც მაშინ საქართველოში გამოიცემოდა, ყოველდღე ჩემს ხელში ხვდება, ვკითხულობ და ვკითხულობ.
განსაკუთრებით ველოდებოდი „მსოფლიო სპორტის“ ნომრებს, იმიტომ, რომ პირდაპირ გერმანიიდან მამუკა კვარაცხელიას და სანდრო ცნობილაძის ჩანახატები იბეჭდებოდა. ისინი აკრედიტირებული ჟურნალისტები იყვნენ და დიდებულად აღწერდნენ იმას, რაც გერმანიაში მაშინ ხდებოდა. როცა მათ სტატიებს ვკითხულობდი, თითქოს, მეც იქ ვიყავი, მეც ვიყავი იმ საფეხბურთო დღესასწაულის პირდაპირი მონაწილე.
მაშინ, ბავშვურ ოცნებებში მეც წარმოვიდგენდი მათ ადგილას თავს. წლები გავიდა, მამუკაც და სანდროც ახლა ჩემი მეგობრები არიან, 18 წლის შემდეგ კი პირველად მეც აკრედიტირებული ჟურნალისტი ვარ, მართალია არა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ ევროპის ჩემპიონატიც არანაკლები მგონია, მეტიც, ვფიქრობ, კონკურენციის და ბალანსის თვალსაზრისით, ევროპის ჩემპიონატი უფრო წინაა (თუმცა, ვისთვის როგორ, ეს ჩემი მოსაზრება ცხადია, ჭეშმარიტება სულაც არ არის).
ახლა მეც შემიძლია ვწერო იმ ერთთვიან ზეიმზე, რაც გერმანიაში ხდება (ბედის ირონიით სწორედ გერმანიაში) და ვიყო ამ ყველაფრის ცოცხალი მონაწილე. არ ვიცი, რამდენად იდეალურად გამომივა ჩემი მოვალეობის შესრულება, რადგან ეს ჩვენთვის უცხო ხილია, როგორც საქართველოს ნაკრებია დებიუტანტი ევროპის ჩემპიონატზე, ისე ქართული მედიაც, პირველ ნაბიჯებს ერთად გადავდგამთ.
მაშინ, 18 წლის წინ, იტალიის ნაკრებს ვქომაგობდი, ამიტომ 2006 წლის მუნდიალი განსაკუთრებულად მახსოვს და ყველაზე კარგად მაგონდება. თუმცა, ამიერიდან ევრო 2024 იქნება ყველაზე გამორჩეული, განურჩევლად იმისა, რა მოხდება და ვინ გაიმარჯვებს.
მგონია, რომ ამ ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული უკვეა საქართველოს ნაკრები, ჩემთვის ასეა. ვილი სანიოლის გუნდმა ისტორია უკვე დაწერა და ევრო 2024-ზე რასაც მიაღწევს, მხოლოდ დამატებითი ბონუსი თუ იქნება. საქართველოს ნაკრებს დასაკარგი არაფერი აქვს, საფეხბურთო სამყაროს გაოცება კი, ნამდვილად შეუძლია, ვნახოთ, ამ საქმიდან რა გამოვა.
გერმანია დიდი საფეხბურთო ქვეყანაა, დიდი სანაკრებო ტურნირების მასპინძლობა კი, ამ ქვეყანაზე უკეთ არავის შეუძლია - ამაში დარწმუნებული ვარ. ყოველთვის გერმანიაში რომ ტარდებოდეს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები, ამაზეც თანახმა ვარ, აქ ყველაფერი დეტალურად არის გათვლილი, ორგანიზებაში გერმანელებს ბადალი არ ჰყავთ, სტადიონებიც ბრწყინვალეა, ქალაქებიც, ლუდიც და მეტი რა უნდა სურდეს ფეხბურთის გულშემატკივარს?
ვინც სტადიონზე მოხვდება, მით უფრო, საქართველოს ნაკრების თამაშზე, დაუვიწყარი თავგადასავალი ხომ ელის, ალბათ, შვილიშვილებზე მოსაყოლი, მაგრამ უბრალოდ გერმანიაში ყოფნაც საკმარისია იმისთვის, რომ იმ დიდი ზეიმის არომატი შეიგრძნოს გულშემატკივარმა, რაც 14 ივნისს დაიწყო. ამისთვის საკმარისია, ფან-ზონაში მოხვედრა, რაც ძალიან მარტივია - ფან-ზონაში თამაშის ყურება ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია, დიდ ეკრანზე, დიდებულ გარემოში, სადაც კვების ობიექტებიცაა და ცხადია, ლუდის დალევაც შესაძლებელია. იქვეა სხვადასხვა საფეხბურთო ობიექტი, სადაც გულშემატკივარს დროის გაყვანა და გართობა შეუძლია. თანაც, ყველაფერი უფასოა, ბუნებრივია, საკვებისა და ლუდის გარდა. მოკლედ, ასეც შეიგრძნება ევროპის ჩემპიონატის ხიბლი, ზეიმის გემო და დიდი ფეხბურთის არსი.
სტადიონიდან თამაშის ყურება ხომ ფეხბურთის მთავარი ხიბლია, მაგრამ ფან-ზონაში მოხვედრაც არანაკლებია, შეიძლება რაღაც მხრივ უკეთესიც. ინგლისისა და სერბეთის ნაკრებთა მატჩს გელზენკირხენის ფან-ზონაში ვუყურე, სადაც ინგლისელი ფანები სჭარბობდნენ და რა გასაკვირია, რომ ყველა ლუდს შეექცეოდა, თუმცა თავისი გუნდის გულშემატკივრობა არც ერთს დაუკლია, გეგონებოდა, ისინიც იქ არიანო - „აუფ შალკე არენაზე“. ინგლისელებმა ფან-ზონაში სერბებს გულშემატკივრობაში აჯობეს, სტადიონზე - ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს. სხვებიც იყვნენ, ალბანელები, გერმანელები და ჩრდილომაკედონიელებიც კი, რომლებიც სერბეთს გულშემატკივრობდნენ.
თამაშამდე იყო კონცერტი, გელზენკირხენის პარკში სხვადასხვა საფეხბურთო აქტივობა და უბრალოდ საზეიმო განწყობა, იქ წაგებული არ შეიძლება ვინმე იყოს. და, როცა ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, უფრო გავაცნობიერე, თუ სად მოხვდა საქართველოს ნაკრები და რა ფანტასტიკური და დაუვიწყარი თავგადასავალი გველის წინ, რომელზეც ჩვენს მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან დიდხანს ვისაუბრებთ. ჯერ მხოლოდ დასაწყისია, უფრო მაგარი ამბები იქნება...
WORLDSPORT.GE დორტმუნდიდან