ფეხბურთი

18:54 | 17.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლამაზი გოლები და განადგურებული უკრაინა | რუმინეთმა ბევრი გააოცა

ევროპის ჩემპიონატის მე-4 დღე E ჯგუფის მატჩით გაიხსნა, რომელშიც რუმინეთის ნაკრებმა უკრაინა დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა.

შეხვედრა უკრაინელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა რეალურ მომენტამდე საქმე არ მისულა. მატჩის 29-ე წუთზე „რეალ მადრიდის“ მეკარემ, ანდრეი ლუნინმა არაზუსტი გადაცემა გააკეთა, ბურთი მანს ჩააბარა, რომელმაც პასი ნიკოლაე სტანჩუს დაუგორა, ამ უკანასკნელმა კი შესანიშნავი დარტყმით შეხვედრაში ანგარიში გახსნა - 1:0.



გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ, მეორე ტაიმის სტარტზე კი გამოჩნდა, რომ რუმინეთი ამ მატჩისთვის უკეთ იყო მომზადებული. 53-ე წუთზე საჯარიმოს გარედან რაზვან მარინმა გაისროლა და პირველზე არანაკლებ ლამაზი გოლით რუმინეთი ორი ბურთით დააწინაურა - 2:0. ამ მომენტშიც შეიძლება ლუნინის შეცდომაზე ვისაუბროთ, რომელსაც მარინის დარტყმულის მოგერიება ნამდვილად შეეძლო.

შოკირებული უკრაინის ნაკრების დაბნეულობით რუმინეთმა 4 წუთში კიდევ ერთხელ ისარგებლა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. 57-ე წუთზე მანი მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში მარტივად შევიდა და დრაგუშს გაუკეთა გადაცემა, რომელსაც ახლო მანძილიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია - 3:0.

დარჩენილ დროში უკრაინის ნაკრებს ერთი მომენტი ჰქონდა, როდესაც რომან იარემჩუკმა ბურთი ხარიხას გაარტყა, თუმცა ამის მეტი მათ არაფერი გამოუვიდათ და სერგეი რებროვის შეგირდებმა ევრო 2024-ის პირველივე მატჩის შემდეგ სიტუაცია საკმაოდ დაიმძიმეს.

ამ ჯგუფის მეორე მატჩი 20:00 საათზე ბელგიასა და სლოვაკეთს შორის გაიმართება. მეორე ტურში, 21 ივნისს უკრაინა სლოვაკეთს დაუპირისპირდება, რუმინეთისა და ბელგიის მატჩი კი 22 ივნისს გაიმართება.

რუმინეთი 3:0 უკრაინა

სტანჩუ (29), რ.მარინი (53), დრაგუში (57).

ალიანც არენა - მიუნხენი
მსაჯი: გლენ ნაიბერგი (შვედეთი)

რუმინეთი (4-1-4-1): ნიცა - რაციუ, დრაგუშინი, ბურკა, ბანკუ - მ. მარინი - მანი (ჰაჯი - 62), რ. მარინი (რუსი - 75), სტანჩუ (რაკოვიტანი - 86), კომანი (მიჰაილა - 62) - დრაგუში (პუშკაში - 75).

უკრაინა (4-2-3-1):
ლუნინი - კონოპლია (ტიმჩიკი - 72), ზაბარნი, მატვიენკო, ზინჩენკო - სტეპანენკო (ბრაჟკო - 62), შაპარენკო (იარემჩუკი - 62) - ციგანკოვი (იარმოლენკო - 62), სუდაკოვი (მალინოვსკი - 83), მუდრიკი - დოვბიკი.

0.137524