ფეხბურთი

12:47 | 17.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერგეი რებროვი: „მიკოლენკო რუმინეთთან ვერ ითამაშებს“

ევრო-2024-ზე გასამართ პირველ მატჩს უკრაინის ნაკრები დანაკლისით ხვდება - რუმინეთთან ვერ ითამაშებს ინგლისის „ევერტონის“ ფეხბურთელი ვიტალი მიკოლენკო.

როგორც უკრაინელთა მთავარი მწვრთნელი სერგეი რებროვი აცხადებს, მიკოლენკოს ისეთი დაზიანება აქვს, რომელსაც ერთ-ორ დღეში ვერ მოირჩენს: „ვიტალი მუშაობს, მაგრამ ამგვარი დაზიანების ერთ-ორ დღეში აღდგენა არ ხდება. ამიტომ, რუმინეთთან ნამდვილად ვერ ითამაშებს. ვიმედოვნებთ, რომ ის შემადგენლობას რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება“.

რუმინეთის ნაკრები რებროვმა საკმაოდ დადებითად დაახასიათა და მასში კარგ, ახალგაზრდა მოთამაშეთა ყოფნას გაუსვა ხაზი: „ბოლო დროს რუმინეთმა საკმაო წარმატებას მიაღწია. ამ გუნდს ძალიან კარგი ახალგაზრდა მოთამაშეები ჰყავს. ეს ის გუნდია, რომელსაც კარგად ესმის, რა და როგორ უნდა გააკეთოს. რუმინელებს ძალზე სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებმაც გაიყვანეს კიდეც გუნდი ევრო-2024-ზე“.

ბოლოსკენ ის ზოგადად შეეხო ევროპირველობაზე უკრაინელთა ყოფნის მნიშვნელობასაც: „ვთვლი, რომ უკრაინისთვის ამ სცენაზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ამჟამად ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი პირველ ადგილზე ნამდვილად არაა, მაგრამ უმძიმესი პერიოდის მიუხედავად, ამ ტურნირში მონაწილეობა ყველა ფეხბურთელისთვის უდიდესი სიამოვნებაა“.

უკრაინა-რუმინეთის მატჩი დღეს, თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება. ამავე E ჯგუფის მეორე შეხვედრა ბელგიასა და სლოვაკეთს შორის, დღესვე, 20 საათზე დაიწყება.

0.115563