საბერძნეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 55 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების 2 წევრი გამოვიდა და ორივემ მედლები მოიპოვა.
კონტინენტის პირველობაზე გუნდის მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით გიორგი ქინქლაძემ და შოთა კაკაბაძემ თავის სადებიუტო გამოსვლაში წარმატებას მიაღწიეს და საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი მედლები მოუტანეს, საიდანაც 3 ოქროს მედალი ქინქლაძის ანგარიშზეა, 1 ბრინჯაო კი კაკაბაძის.
გიორგი ქინქლაძემ ატაცში 81 / 85 კილოგრამის ძლევით ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. აკვრაში მან იგივე შედეგი გაიმეორა დაძლეული 97/ 100 / 103 კილოგრამითაც, ორჭიდში მოგროვილი 188 კილოგრამით კი მესამე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
რაც შეეხება შოთა კაკაბაძეს, მან ატაცში 74 / 77 / 83 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში 96 კილოგრამის ძლევით ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა და ევროპის პრიზიორი გახდა. ორჭიდში მოგროვილი 179 კილოგრამით კი მე-4 ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი გუნდი კონტინენტის პირველობაზე 20-კაციანი შემადგენლობითაა წარმოდგენილი.