ფეხბურთი

21:58 | 15.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთმა ხორვატია მარტივად დაამარცხა

ევრო 2024 ის მეორე დღის მეორე მატჩში B ჯგუფის გუნდები ჩაერთვნენ საქმეში, სადაც დღის ცენტრალურ მატჩში ესპანეთმა ხორვატია მარტივად, 3:0 დაამარცხა.

მატჩი შედარებით ფრთხილად დაიწყო, თუმცა დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, ესპანეთის ნაკრებმა უპირატესობა ხელთ იგდო და 29-ე წუთზე ფაბიან რუისის შესანიშნავ გადაცემას ალვარო მორატა გამოეხმაურა, რომელმაც ანგარიში გახსნა - 1:0.

3 წუთში უკვე თავად ფაბიან რუისმა მიიღო საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი, შესანიშნავი დრიბლინგი განახორციელა და მარცხენა ფეხით დომინიკ ლივაკოვიჩის კარი აიღო - 2:0.



ორი გაშვებული გოლის შემდეგ ხორვატიის ნაკრები გააქტიურდა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, თუმცა ტაიმის ბოლოს, როდესაც გუნდები გასახდელში შესასვლელად ემზადებოდნენ, ხორვატიის ნაკრების კართან კიდევ ერთი ხიფათი შეიქმნა, როდესაც ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ლამინ იამალმა ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, მას კი დანი კარვახალი დაუხვდა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა 3:0.

მეორე ტაიმში ხორვატიის ნაკრებმა ყურები არ ჩამოყარა და მეტ-ნაკლებად გააქტიურდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა. მე-80 წუთზე ესპანელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. უნაი სიმონის შეცდომის შედეგად ბრუნო პეტკოვიჩი მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა, რა დროსაც მან როდრისგან ფეხში კონტაქტი იგრძნო და წაიქცა, მსაჯმა კი პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულმა შეასრულა, თუმცა მისი დარტყმული უნაი სიმონმა მოიგერია. გადმოვარდნილი ბურთი პერიშიჩმა მიიღო და მისი პასით პეტკოვიჩმა მაინც გაიტანა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი ხორვატი საჯარიმოში პენალტის დარტყმამდე შევარდა და ამის გამო გოლი გაუქმდა.

დარჩენილ დროში ბევრი აღარაფერი შეცვლილა და ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი, საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ამ ჯგუფის მეორე მატჩი სულ ცოტა ხანში, 23:00 საათზე, იტალიასა და ალბანეთს შორის გაიმართება. ესპანეთის ნაკრები მომდევნო მატჩს 20 ივნისს, იტალიასთან ჩაატარებს, ხორვატიის მეტოქე კი 19 ივნისს ალბანეთი იქნება.

ესპანეთი 3:0 ხორვატია

მორატა (29), ფაბიან რუისი (32), კარვახალი (45+2)

ოლიმპიაშტადიონი - ბერლინი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანი, ნაჩო, კუკურელია - პედრი (ოლმო - 59), როდრი (სუბიმენდი - 87), ფაბიან რუისი - იამალი (ფერან ტორესი - 86), ნიკო უილიამსი (მერინო - 68), მორატა (ოიარსაბალი - 67)

ხორვატია (4-3-3): ლივაკოვიჩი - სტანიშიჩი, შუტალო, პონგრაჩიჩი, გვარდიოლი - მოდრიჩი (პაშალიჩი - 65), ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი (სუჩიჩი - 65) - მაიერი, ბუდიმირი (პერიშიჩი - 56), კრამარიჩი (პეტკოვიჩი - 72).

0.125647