ფეხბურთი

17:24 | 15.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: „მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის“

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს, გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ კი ბუდუ ზივზივაძემ და ოთარ კაკაბაძემ თურქულ მედიასთან კომენტარი გააკეთეს:

ბუდუ ზივზივაძე: „ოცნება აგვისრულდა. ბავშვობაში ყველას ოცნება ასეთი დონის ტურნირზე თამაშია და ჩვენ ეს შევძელით, რითაც ძალიან ვამაყობთ.

ეს ჩვენი პირველი მატჩია და ჩვენგან ბევრს არავინ ელის, ასე რომ ზეწოლასაც არ ვგრძნობთ, თუმცა რა თქმა უნდა, მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან ამის დიდი სურვილი გვაქვს.

ჩვენ მხოლოდ წინ ვიყურებით. თურქეთი საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეა და რთულ მატჩს ველოდებით. ფურცელზე ფავორიტად ჩვენი მეტოქე მიიჩნევა, თუმცა ყველაფერი მინდორზე გადაწყდება.“

ოთარ კაკაბაძე: „თურქეთი ძალიან კარგი გუნდია, კარგი მოთამაშეებით. ეს ჩვენი პირველი მატჩი იქნება და ამისთვის ვემზადებით. ჯგუფის ფავორიტი პორტუგალიაა, თუმცა დანარჩენ სამ გუნდს თანაბარი შანსები გვაქვს. სტადიონზე ძალიან კარგი ატმოსფერი იქნება, რაც შეხვედრას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.“

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

0.115294