ფეხბურთი

15:20 | 15.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

მინი-მოურინიოს ჭეშმარიტების ჟამი

უცნაური იღბლის კაცია იულიან ნაგელსმანი. ის იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც „ბაიერნისა“ და ბუნდესნაკრების სამზარეულოს საუკეთესო მცოდნე მეჰმეტ შოლმა „ლეპტოპ-მენეჯერთა“ თაობა შეარქვა. ეს გერმანელ მწვრთნელთა ახალგაზრდა თაობაა - საფეხბურთო ტაქტიკასა და თეორიაში გაწაფულ მწვრთნელთა თაობა, რომელიც არ უშინდება სიახლეებს. ეს თაობა არ უშინდება არც გაბედულ ცდებს ფეხბურთის მოედანზე და არც ექსცენტრიკულ საქციელს მის გარეთ. მაგალითად, ნაგელსმანივით, ზებენერშტრასეზე, „ბაიერნის“ ბაზაზე სკეიტბორდით წრეების დარტყმას.

როდესაც იულიან ნაგელსმანი 34 წლის ასაკში მიუნხენური გიგანტის მწვრთნელად დაინიშნა, ბევრმა გაკვირვებისგან წარბები მაღლა ასწია. ასეთი ლაწირაკი ამხელა ინსტიტუციის მწვრთნელად? „ჰოფენჰაიმსა“ და „ლაიფციგში“ დაგროვებული გამოცდილება ეყოფოდა ვითომ მიუნხენში წარმატების მისაღწევად? მერე შედეგი კი იყო, ჩემპიონის ტიტულიც და საკმაოდ მისაღები სტატისტიკაც: 60 მოგება 84 მატჩში (მოგებათა 71,4%), მაგრამ, ბოლომდე ნდობა მაინც არ იყო. ვიღაც-ვიღაცები თითქოს ჩასაფრებულნი ელოდნენ ახალგაზრდა მწვრთნელის ფეხის დაცდომას.

ეს დაცდომა მოხდა კიდეც 2023 წლის 24 მარტს ლევერკუზენში 1:2 წაგებისას. თითქოს არაფერი კატასტროფული - ნაგელსმანის გუნდი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებოდა ლიდერ დორტმუნდის „ბორუსიას“. მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ დამწუხრებული ჩამომჯდარიყო თავის ოფისში, ნაგელსმანმა გაბედა და სათხილამუროდ გაეშურა ავსტრიულ ცილერტალში. თანაც, გაეშურა არა მარტო, არამედ მეგობარ ქალ ლენა ვიურცენბერგერთან ერთად. ერთი შეხედვით, ამაშიც რა კრიმინალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საქმე ის იყო, რომ ეს ქალი ერთობ აღიზიანებდა „ბაიერნის“ დირექტორატს - ვინ იცის და რას მოუყვებოდა ნაგელსმანი მოჭორიკნო რეპუტაციის გაზეთ „ბილდის“ ჟურნალისტს ინტიმური განმარტოებისას.

არადა, ზამთრის შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე, ინფორმაციის უცნაური გაჟონვა მართლაც მოხდა მიუნხენური გუნდიდან. 11 თებერვალს „ბოხუმთან“ მოგებული მატჩის სათამაშო სქემამ, პრესინგისას მოთამაშეთა ზუსტი განლაგებით, მაინცდამაინც „ბილდის“ ფურცლებზე ამოყვინთა. ასე იყო თუ ისე, ნაგელსმანი „ბაიერნიდან“ გააგდეს. ოფიციალურად, უპასუხისმგებლობისთვის, ანუ ლევერკუზენთან წაგების შემდეგ თხილამურებზე გასეირნებისთვის. არაოფიციალურად, დიდი ალბათობით, ჭორიკანა გამოცემის ჟურნალისტთან რომანის გაბმისთვის. თანაც, თითქოს ეს არ კმაროდა, ლენა ვიურცენბერგერიც მოაშორეს მიუნხენური კლუბის ამბების გაშუქებას.

მერე კი, იღბალი ისე მოტრიალდა, რომ ნაგელსმანმა კიდევ უფრო პრესტიჟულ პოსტზე ამოყო თავი - ნაციონალმანშაფტის, ანუ ეროვნული გუნდის მწვრთნელის პოსტზე. თუმცა, ისიც მართალია, რომ იმხანად დაინვალიდებული ნაკრების მწვრთნელობისთვის თავს მაინცდამაინც არავინ იკლავდა და ფედერაციის მესვეურებმა უთუოდ ფსონი ნაგელსმანის ქარიზმასა და არასტანდარტულ მიდგომებზე დადეს.

შემდეგ იყო ახალი გუნდის შენების პროცესი, რომელსაც გერმანიაში „ნაგელსის სამ ფაზას“ შეარქმევენ. პირველი ორი ამხანაგური მატჩი შეერთებულ შტატებთან (3:1) და მექსიკასთან (2:2) გაბედული ექსპერიმენტების პოლიგონად იქცა. 4-2-3-1 სქემა 4-2-2-2 სქემამ ჩაანაცვლა, სადაც ჯონატან ტა და ნიკლას ზულე იმპროვიზირებულ მარჯვენა მცველებად მოგვევლინენ, მარცხნივ ორივე თამაშს რობინ გოზენსი იწყებდა, ხოლო კაი ჰავერცს მთლიანობაში სულ რაღაც 28 წუთი გამოეყო.

მომდევნო მატჩებში ჰავერცის ირგვლივ ექსპერიმენტებმა კვაზი-კომიკური ხასიათი შეიძინა: ნოემბერში თურქეთთან მატჩში (2:3) ნაგელსმანმა „არსენალის“ შემტევი ნახევარმცველი მარცხენა განაპირა მცველად გაამწესა, ხოლო შემდეგ თამაშში ავსტრიასთან (0:2), ნაგელსმანისვე თქმით, ე.წ. „მარცხენა 10-ად“. ვითარებამ გამოსწორება 2024-ში დაიწყო, საფრანგეთთან (2:0) და ნიდერლანდებთან (3:2) ამხანაგურებ მატჩებში, სადაც სასტარტო 4-2-3-1 სქემაში ჰავერცმა გაცილებით მისაღები ადგილი დაიკავა თავდასხმაში, შუა ხაზში კი სტაბილურობის გარანტად მუშა და საიმედო რობერტ ანდრიხი იქცა. თავის მხრივ, ჯამალ „ბამბი“ მუსიალამ და სეზონის აღმოჩენა ფლორიან ვირცმაც კვლავ შეგვახსენეს თავიანთი საუცხოო პოტენციალი.

თუმცა, „მინი-მოურინიოს“ (როგორც შეარქვა ნაგელსმანს „ჰოფეს“ ყოფილმა მეკარემ, ტიმ ვიზემ) სრულიად ოსტატურ სვლად “Querpass-Toni”, ანუ „ჯვარედინი ტონი“ კროოსის ნაკრებში დაბრუნება უნდა მივიჩნიოთ. ფრანგებთან პირველივე წამებზე მისი ლაზერი ვირცის მისამართით ამ ყველაფრის ილუსტრაციად გამოდგება.

დაბოლოს, როგორც ჩანს, დაცვის ხაზი დასტაბილურდა ცენტრში ტა-რუდიგერის წყვილით და ფლანგებზე მობილური კიმიხისა და მიტელშტედტის ხარისხიანი თამაშით, ხოლო კარში მანუელ ნოიერის ავტორიტეტი კვლავაც გადამწყვეტ ფაქტორად რჩება.

ნაციონალმანშაფტის მთავარი კაცის, იულიან ნაგელსმანის მიერ გაწეული სამუშაოს თვალსაჩინო დემონსტრირება გასულ საღამოს შოტლანდიის მარტივ მამრავლებად დაშლისას ვიხილეთ: გამაოგნებელი Querpass-Toni კროოსის არნახულმა შედეგმა ზუსტი პასების 99%-ით (102 პასიდან 101 მიუვიდა ადრესატს!), მუსიალასა და ვირცის რითმის შეგრძნებამ და კრეატიულობამ, ნიკლას ფულკრუგის კლინიკურმა სიზუსტემ (მე-12 გოლი 16 მატჩში), საყრდენებისა და ცენტრალური მცველების საიმედო თამაშმა (რუდიგერის კურიოზულ ავტოგოლს თუ დავივიწყებთ), კიმიხისა და მიტელშტედტის ხარისხიანმა ჩართვებმა ფლანგებიდან და, ჯამში, მასპინძლების ოცმა დარტყმამ შოტლანდიელთა ერთის წინააღმდეგ, განაპირობა კიდეც საერთო სურათი.

„დაუნდობელი მანშაფტი“, როგორც ნაგელსმანის გუნდს ფრანგულმა „ეკიპმა“ უწოდა, ამჯერად უნგრეთს დაელოდება.

#GTამბები

https://www.facebook.com/profile.php?id=61560560888982

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112691