ფეხბურთი

2:17 | 13.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიში გერმანიაში (+VIDEO)

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში განაგრძობს. 12 ივნისს, ფელბერტში, ჩვენი გუნდის ღია ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელი პროცესი სავსე ტრიბუნის თანხლებით და გულშემატკივართა შეძახილების ფონზე წარიმართა.

ვარჯიშში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სოლომონ კვერკველია ინდივიდუალურ პროგრამით აგრძელებს მზადებას, ხოლო ოთარ კიტეიშვილი ვარჯიშს უახლოეს დღეებში განაახლებს.

ვარჯიშის დაწყებამდე, მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატთან ნიკა კვეკვესკირმა და ლაშა დვალმა ისაუბრეს.

ლაშა დვალი (საქართველოს ნაკრების წევრი): "ორი კვირაა ვემზადებით. პირადად ჩემთვის, საკლუბო სეზონი შედარებით ადრე დასრულდა და მომზადება ინდივიდუალურად დავიწყე. თავს კარგად ვგრძნობ და ახლოს ვარ ოპტიმალურ ფორმასთან. დაგვრჩა კიდევ რამდენიმე ვარჯიში, სადაც ფიზიკურ კონდიციებს გავიუმჯობესებთ.

სასიხარულოა ასეთ დიდ ტურნირზე ყოფნა. დღეს ღია ვარჯიში გვაქვს, სადაც გულშემატკივარი გაგვამხნევებს და ეს განსაკუთრებული დღეა ჩვენთვის. ევროპის ჩემპიონატზე ხანგრძლივი პერიოდი გვაქვს გასატარებელი. ეს უნდა იყოს ზეიმი მთელი ქვეყნისთვის. ჩვენ კი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა".

ნიკა კვეკვესკირი (საქართველოს ნაკრების წევრი): "გუნდში, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური განწყობაა. ემოციური იყო გერმანიაში ამდენი ქართველის ხილვა. როგორც იქნა, ეროვნული ნაკრები დიდ ტურნირზე მოხვდა და ემზადება დებიუტისთვის. ამაზე მაგარი გრძნობა უბრალოდ არ შეიძლება რომ იყოს. ყოველი დღე ახალი პოზიტიური ემოციებითაა დატვირთული. ვტკბებით ამ შეგრძნებებით, მაგრამ, ამავდროულად, ვემზადებით და ვცდილობთ კონცენტრირებულები ვიყოთ და მაქსიმალურად მზადყოფნაში შევხვდეთ პირველ თამაშს.

ხასიათისთვის და განწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მონტენეგროში მოგებული ამხანაგური მატჩი. დამუშავდა რამდენიმე ტაქტიკური დეტალი, რამაც გაამართლა. ეს მეტ თავდაჯერებას მატებს გუნდს, რაც მნიშვნელოვანია ასეთი დიდი ტურნირის წინ. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

ფეხბურთელები, ვინ უცხოეთში ვთამაშობთ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქართულ დროშებს ტრიბუნებზე. მითუმეტეს, როდესაც ამას აქ ხედავ, ევროპის ჩემპიონატის წინ. ეს ძალიან დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული. ველოდებით თითოეულ ქართველ გულშემატკივარს. ისინი ძალიან დიდი ძალა და მოტივაციის წყარო არიან ჩვენთვის. იმედია, ბევრი ქართველი მოახერხებს თამაშზე დასწრებას და ჩვენთან ერთად იბრძოლებს გამარჯვებისთვის".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

NAKREBI.GE

0.124856