რაგბი

20:49 | 12.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა!

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ინგლისელი თანატოლები სერიის მეორე მატჩში პირწმინდად დაჯაბნეს, 5 ლელო გაუტანეს და შარშანდელის მსგავსად ექვსი ერის მოქმედ ჩემპიონს მეორე მარცხი აგემეს.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, ეს იყო ჩვენი გუნდის ბოლო მესამე საკონტროლი თამაში. დაახლოებით ერთი თვის წინ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთთან (17:26) მატჩის შემდეგ, თბილისს უკვე ექვსი ერის გამარჯვებული ინგლისი ეწვია.

საგულისხმოა, რომ მზადების ამ ეტაპზე ინგლისი თავისი უძლიერესი შემადგენლობით ზედიზედ მეორედ ეწვია საქართველოს. საქართველომ შარშან პირველი შეხვედრა მცირე სხვაობით, ბოლო წუთებზე დათმო (35:41), მეორე თამაში კი ისტორიული გამარჯვებით დაასრულა – 40:38. ეს იყო ჩვენი გუნდის პირველი გამარჯვება ინგლისთან ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში.

წლევანდელი სერიის პირველ მატჩში სტუმრები დომინირებდნენ და დამაჯერებლად, 31:7 გაიმარჯვეს, აი 5 დღის შემდეგ კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. დღეს „ავჭალაზე“ უმცროსი ბორჯღალოსნები სრულად დომინირებდნენ, მრისხანე მეტოქეს აჯობეს ყველა კომპონენტში და უკვე საქართველომ მოიპოვა დამაჯერებელი და დამსახურებული გამარჯვება, თანაც სარეკორდო სხვაობით – 45:17.

ჯარიმებით პირველ ტაიმში

ისე, როგორც 5 დღის წინ, სტუმრებმა ამჯერადაც დაუშვეს შეცდომები. მათ დათმეს რამდენიმე საკუთარი დერეფანი, მოიკოჭლებდნენ დისციპლინაში, რაც ჩვენი გუნდის წნეხის და თითქმის უშეცდომო თამაშის დამსახურება იყო.

შეხვედრა უმცროსი ბორჯღალოსნების შეტევებით დაიწყო. ინგლისი დასარტყმელ პოზიციაში სამჯერ დაჯარიმდა, მესამე შემთხვევაში გუნდმა კარში დარტყმის გადაწყვეტილება მიიღო და ლუკა ცირეკიძემ ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა. განახლდა თუ არა თამაში ინგლისმა ჩვენი ლელოს სიახლოვეს დერეფანი მოიგო, მოლი დაძრა და ლელოთი დაწინაურდა, თუმცა ეს იყო საერთო სურათიდან ამოვარდნილი ეპოზიდი.

მე-18 წუთზე საპასუხო ლელო გავიტანეთ. კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ხაზი გიორგი ხაინდრავამ გაჭრა, მას გიორგი სპანდერაშვილი მიყვა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. ლადო კილასონიას შეგირდები თამაშს სრულად აკონტროლებდნენ, რამაც ტაიმის მიწურულს ცირეკიძეს ორჯერ მისცა ჯარიმის გატანის შესაძლებლობა და ტაიმი 16:5 მოვიგეთ.

სრული დომინირებით

მეორე ტაიმში საქართველოს დომინირება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. შოთა ხელაძემ მოკლე ფრთაზე კარგად შეუტია, რასაც ჩვენი დერეფანი, კარგად აგორებული მოლი და ხელაძის ლელო მოყვა, რომელიც ცირეკიძემ გარდასახა.

ამის შემდეგ ხელდახელ ავთამაშდით, ნუგზარ ქევხიშვილმა ცენტრის სიახლოვეს გაჭრა ხაზი, ბურთი ლუკა კობაურთან გაითამაშა, ორ მცველს გვერდი სისწრაფეში აუარა და ლამაზი ლელოთი უპირატესობა გაზარდა. ინგლისმა სწრაფად გვიპასუხა. ფეხით თამაშისას ზედიზედ ორ შეცდომას სტუმრების თანმიმდევრული შეტევა მოყვა, ართურ გრინმა ლელო გაიტანა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ სხვაობა 16 ქულამდე დავიდა.

ამან მასპინძლები სულაც არ არია, ჩვენმა უკანა ხაზმა ბურთი იდეალურად ჩაათამაშა და 59-ე წუთზე ტარიელ ბურთიკაშვილმა 50-მეტრიანი შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. სამიოდე წუთში მან უკვე დუბლი შეასრულა – მეტოქეს ცენტრში ჩაუჭრა გადაცემა და ძელებსშუამდე ირბინა. ცირეკიძემ ორივე გარდასახა, 68-ე წუთზე 38 მეტრიდან ჯარიმაც გაიტანა და ანგარიში 45:12 გახადა.

დასკვნით 10 წუთში ინგლისი სხვაობის შესამცირებლად იბრძოდა, და ერთი ლელოც გაიტანა, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა დაცვაში კარგი გარჯით მეტოქეს მეტის შესაძლებლობა არ მისცეს და საბოლოოდ 45:17 გაიმარჯვეს!

ეს იყო ბოლო რეპეტიცია 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატამდე. ახლა ჩვენი გუნდი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც მისი მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალია, ირლანდია და იტალია იქნებიან.

20-წლამდელთა ამხანაგური მატჩი

7 ივნისი. თბილისი. ავჭალა

საქართველო – ინგლისი 45:17 (16:5)

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. სანდრო დარძულიძე (ლელო), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 9. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. მურთაზ ცხადაძე (არესი), 5. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 6. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი), 7. ირაკლი ხიდეშელი (ვეფხვები), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.);

მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 18. დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92), 20. ლუკა საღინაძე (ლიონი), 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. ზურა ფირცხალაიშვილი (ბათუმი), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), დავით ბარბაქაძე (არმია), გიორგი ბოლქვაძე (ლელო), ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), დავით ქუნთელია (პროვანსი), შოთა ხელაძე (ლელო), მათე ღურწკაია (ყოჩები), შოთა მაღლაკელიძე (მათე).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

5 ლელო: სპანდერაშვილი, ხელაძე, ქევხიშვილი, ბურთიკაშვილი (2)

4 გარდასახვა: ცირეკიძე

4 ჯარიმა: ცირეკიძე

RUGBY.GE

0.12672