„ნიუკასლ იუნაიტედში“ გიორგი მამარდაშვილის გადასვლა პრაქტიკულად გამოირიცხა. ბრიტანული მედია წერს, რომ „ვალენსიამ“ ძალიან ძვირად შეაფასა 23 წლის ქართველი მეკარე, რამაც ტრანსფერი ჩიხში შეიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი „ჯორდებისთვის“ პირველი არჩევანი იყო.
ჟურნალისტი სკოტ უილსონი ამბობს, რომ სწორედ ძვირი ღირებულება გახდა ინგლისელების მხრიდან უკან დახევის მიზეზი:
„ვფიქრობ, რომ ერთი თვის წინ „ნიუკასლისთვის“ მთავარი სამიზნე მამარდაშვილი იყო. მათ „ვალენსიასთან“ შეთანხმება სჭირდებოდათ, მაგრამ მოლაპარაკებების დასაწყისშივე აშკარა გახდა, რომ გარიგება უფრო რთული და ძვირი იქნებოდა, ვიდრე წარმოედგინათ. და, ეს მანამ, სანამ მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, სადაც შეიძლება მისი ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდოს“, - თქვა უილსონმა.
ამიტომაც, ვინაიდან „ნიუკასლისთვის“ 40 მილიონი ევროს გადახდა მეკარის სანაცვლოდ მიუღებელია, „ჯორდებმა“ აქცენტი ჯეიმს ტრაფორდზე გააკეთეს და მასთან პირად შეთანხმებასაც მიაღწიეს. დიდი შანსია, სწორედ ინგლისელი შეუერთდეს „ნიუკასლს“.
პარალელურად, „ვალენსიამ“ სტოლე დიმიტრიევსკის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა, რომელიც მამარდაშვილის შემცვლელად განიხილება. შესაბამისად, კიდევ უფრო საინტერესოა სად გააგრძელებს ქართველი მეკარე კარიერას, რომელსაც „ლოს ჩესთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიაში“ 2021 წლიდან დღემდე 100 მატჩი აქვს ჩატარებული.