ფეხბურთი

17:37 | 9.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "ქართველი ხალხის გასახარებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ" (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს ინტერვიუში ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გუნდი მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარონ.

„ზოგმა სეზონი გვიან დაასრულა და მოგვიანებით შემოგვიერთდნენ, მაგრამ კონცენტრირებულად ვემზადები და ვფიქრობ, რომ სასურველ ფორმას მივუახლოვდით. ამხანაგური მატჩი დაგვეხმარება, რომ ევროპის ჩემპიონატს იდეალურ კონდიციაში შევხვდეთ.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ 26 ფეხბურთელით წამოვედით, რადგან მეტი ფეხბურთელი, რომ ვყოფილიყავით შეკრებაზე და შემდეგ, როცა საბოლოო განაცხადს რამდენიმე ფეხბურთელი გამოაკლდებოდა, ფსიქოლოგიურად მათთვისაც დიდი დარტყმა იქნებოდა და საწვრთნელ პროცესშიც წნეხი გაჩნდებოდა. ახლა კი, ვფიქრობ, რომ გუნდი ყველა წნეხის გარეშეა. ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ წნეხი მოხსნა და შეგვიძლია თავისუფლად ვითამაშოთ.

შედეგებიდან გამომდინარე კარიერის საუკეთესო ფორმაში ვარ. კლუბშიც ძალიან წარმატებული სეზონი მქონდა, ნაკრებში განსაკუთრებით, რადგან ბავშვობის ოცნება ავიხდინეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა კარიერას დაასრულებ და გადახედავ შენს წარსულს, ევროპის ჩემპიონატზე რომ გექნება ნათამაშები. ფეხბურთელებს ყოველთვის მაქსიმუმი გვინდა და ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ, დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.

„ჰამბურგის“ სტადიონზე გოლიც გავიტანე და თამაშიც მოვიგეთ, „შალკეს“ სტადიონზეც კარგი თამაში მქონდა, იქ 26 მარტის შემდეგ ვითამაშე. „დორტმუნდის“ სტადიონზე ვიცით, როგორი ატმოსფეროა, ვიცით, რომ ბევრი თურქი იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ნეიტრალური გულშემატკივარი საქართველოს მხარეს დაიჭერს. ვიცი, რომ „კარლსრუეს“ რამდენიმე გულშემატკივარი და თანაგუნდელი იქნება სტადიონზე ჩემს საგულშემატკივროდ. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ გერმანელი საქართველოს ნაკრებს უქომაგებს.

როცა საკლუბო თამაშები მაქვს და საქართველოს დროშას ვხედავ, დიდი სიამაყით და სიხარულით ვივსები, იმიტომ, რომ გერმანიაში მცხოვრები ქართველი ჩემი თამაშის გამო მოდის სტადიონზე, ზოგჯერ ძალიან დიდი მანძილის გავლაც უწევს, რაც ჩემთვის დამატებითი სტიმულია და ყოველთვის ვცდილობ, რომ მივიდე მასთან, ან ფოტო გადავიღო, ან ხელი მოვუწერო. ვცდილობ დავაფასო ის, რაც მათგან ჩემს მიმართ მოდის.

პირველ რიგში ჩვენი გერბისთვის და დროშისთვის ვთამაშობთ. ვიაზრებთ თუ რამხელა ჩემპიონატზე ვითამაშებთ და ყველანაირად ვეცდებით, რომ იქ მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გავახაროთ“, - თქვა ზივზივაძემ.

0.110231