ფეხბურთი

1:30 | 10.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "თავდაჯერებისთვის ეს მოგება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მონტენეგროსთან მატჩის (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ეს მოგება თავდაჯერებისთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ჯერ ფიზიკურად ბოლომდე მზად არ არიან:

„გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა. ეს მოგება ჩვენთვის ბევრს ნიშნავს მომდევნო მატჩების წინ თავდაჯერების თვალსაზრისით. დავინახეთ, რომ ფიზიკურად ჯერ კიდევ არ ვართ მზად, მეორე ტაიმი რთული იყო. თუმცა, მომდევნო თამაშამდე მოსამზადებლად 9 დღე გვაქვს და ვიმუშავებთ.

უკეთესი რეაგირება გვჭირდება, როცა ბურთს ვკარგავთ. ჩვენი პირველი ხაზი, თავდამსხმელები უკან სწრაფად არ ბრუნდებოდნენ, ამიტომ ნახევარმცველებს მეტი სივრცის დაფარვა მოუწიათ.თუმცა, მარტში ამ მხრივ ბრწყინვალედ ვითამაშეთ ლუქსემბურგის და საბერძნეთის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი ფიტნესზეა დამოკიდებული. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თურქეთთან უკეთ ვიქნებით მზად.

2008 წელს ევროპის ჩემპიონატზე ჩემი გამოცდილება საფრანგეთის ნაკრებთან ერთად კოშმარული იყო, ასე რომ ეს საქართველოს დიდად ვერ დაეხმარება (იღიმის - რედ). საქართველო ევროპის ჩემპიონატზე პირველადაა და ყველა აღფრთოვანებულია, ზოგიც ძალიან. მთავარი მიზანი გამოცდილების მიღებაა, რადგან მომავლის ბაზისთვის ეს მნიშვნელოვანია“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

0.110681