ფეხბურთი

22:53 | 8.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალია შინ ხორვატიასთან დამარცხდა

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ, პორტუგალიის ეროვნულმა გუნდმა ტურნირისთვის მზადების ფარგლებში ლისაბონში ამხანაგური მატჩი გამართა ხორვატიასთან და 1:2 დამარცხდა.

მატჩის მერვე წუთზე ხორვატებმა თერთმეტმეტრიანის უფლება მიიღეს, რომელიც დამაჯერებლად შეასრულა მათმა კაპიტანმა ლუკა მოდრიჩმა. 48-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა დიოგუ ჟოტამ ანგარიში გაათანაბრა. შეგახსენებთ, რომ „ლივერპულის“ ფორვარდი მეორე ტაიმის დაწყისში შევიდა მინდორზე.

მაგრამ 56-ე წუთზე ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელმა ანტე ბუდიმირმა ანგარიში თავისი ნაკრების სასარგებლოდ 2:1 გახადა.

არ უთამაშია პორტუგალიელთა დიდვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს, რომელსაც დამღლელი სეზონის შემდეგ დასვენების შესაძლებლობას აძლევენ.

პორტუგალიელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: დიოგუ კოშტა, დალო (სემედუ 46), რუბენ დიაში, ინასიუ, მენდეში (ჟოაუ კანსელუ 46), ბრუნუ ფერნანდეში (ნეტუ 70), პალინია, ვიტინია (მათეუს ნუნესი 84), ბერნარდო სილვა, ფელიქსი (ლეაუ 46), რამუში (ჟოტა 46).

0.117971