ფეხბურთი

1:31 | 8.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "ევროპის ჩემპიონატზე თითოეული თამაშის მოსაგებად გავალთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ ავსტრიული შეკრებისა და ევროპის ჩემპიონატის მზადების შესახებ ისაუბრა.

"რამდენიმე ფეხბურთელს საკმაოდ გრძელი საკლუბო სეზონი გამოუვიდა და მოგვიანებით შემოგვიერთდნენ, ნაწილმა კი ნაადრევად დავასრულეთ ჩემპიონატი. თუმცა, ჩვენც, ვისაც შედარებით ადრე დაგვიმთავრდა სეზონი, შეკრების პირველივე დღიდან კონცენტრირებულად ვემზადებით. ვფიქრობ, აღვიდგინეთ კონდიციები და სასურველ ფორმას მივუახლოვდით. მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩი დაგვეხმარება ოპტიმალურ ფორმაში შესასვლელად და ევროპის ჩემპიონატს კარგ კონდიციებში შევხვდებით.

შედეგებიდან გამომდინარე კარიერის საუკეთესო ფორმაში ვარ. წარმატებული სეზონი მქონდა კლუბში და განსაკუთრებით ნაკრებში. ახლა, იქ ვართ, სადაც ბავშვობიდან ვოცნებობდით მოხვედრას. ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებული გამოცდილებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დაასრულებ კარიერას, გადახედავ შენს წარსულს და ევროპის ჩემპიონატზე გექნება ნათამაშები.

ფეხბურთელებს ყოველთვის მაქსიმუმი გვინდა. ევროპის ჩემპიონატზე თითოეული თამაშის მოსაგებად გავალთ. მინდორზე გამოჩნდება ვინ იქნება უკეთ მომზადებული", - თქვა ზივზივაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

0.11723