ფეხბურთი

0:01 | 7.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "უკმაყოფილო ვარ, შედეგზე მეტად თამაშის ხარისხით"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ყაზახეთთან ამხანაგური მატჩის (0:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, უკმაყოფილოა თამაშის ხარისხით, მაგრამ ეცდებიან, რომ შემოდგომის შეკრებაზე ყველაფერი გამოასწორონ.

„კმაყოფილი რა თქმა უნდა არ ვარ, იმდენად შედეგზე არ არის ლაპარაკი, რამდენადაც ეს შეკრება ცოტა სხვა რაღაცას ემსახურებოდა, გვაინტერესებდა თამაშის ხარისხი, ასევე ახალი ფეხბურთელების ნახვა და ის დავალებები, რაც მათ მივეცით, მათი რეალიზების ნახვა იყო საჭირო. დაცვიდან მოთამაშე მეტოქესთან გაგვიჭირდა, რითაც უკმაყოფილო ვარ. მთლიანობაში მაინც შეკრებას დადებითად შევაფასებ. ჩვენი მიზანი არ იცვლება, რაც არის მინიმუმ პლეი-ოფის საგზურის მოპოვება და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. უბრალოდ, უნდა აღინიშნოს ის სათამაშო ფორმა, რომელშიც განსაკუთრებით ლეგიონერები იმყოფებიან და ეს დიდი პრობლემაა, რადგან მათზე ბევრი რამაა დამოკიდებული, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა, რაც მათ ძალიან დიდი ხანია აქვთ, ჩვენს თამაშს დაღს ასვამს.

დღეს ორი ახალი ფეხბურთელი გამოვცადეთ, გვინდოდა, რომ ყველა ფეხბურთელი გვეთამაშებინა, სამწუხაროდ, მეკარე მაქაცარია და ლაცაბიძე უთამაშებელი დაგვრჩა, მაგრამ ამის კომპენსირებას მოვახდენთ, როცა ისინი 20-წლამდე ნაკრებს დაემატებიან. ვეცდებით, რომ შემოდგომაზე ოპტიმალურ ფორმაში ვიყოთ, რადგან იქ ოთხივე თამაში ფინალია და შეცდომის უფლება არ გვაქვს. აღსანიშნავია, რომ ბევრი ინდივიდუალური თამაში გვაქვს, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ აუცილებელია გუნდურობა და ბიჭებთან ამაზე საუბარი მქონდა და ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება. არის მომენტები, როცა ვერთობით, ინდივიდუალურობა კარგია, მაგრამ ნებისმიერი ინდივიდუალისტი გუნდურ პრინციპებზე უნდა იყოს დამოკიდებული. ამაზე ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, სექტემბერში ყველაფერი გამოსწორებული იქნება“, - თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მომდევნო მატჩს შესარჩევ ეტაპზე 5 სექტემბერს, მოლდოვასთან ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115673