ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის ფინალში იტალია ზედიზედ ექვსჯერ დამარცხდა, თუმცა, ამჯერად შეცდომა არ დაუშვა და ჩემპიონატი მოიგო.
„აძურინიმ“ კვიპროსში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება მოახერხა. იტალიამ ფინალში ფავორიტად შერაცხული პორტუგალია უშანსოდ, 3:0 დაამარცხა.
ანგარიში მე-7 წუთზე ფედერიკო კოლეტამ გახსნა, ხოლო 9 წუთის შემდეგ ფრანჩესკო კამარდამ სხვაობა ორამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში შესანიშნავი საგოლე პასი კრისტიან კამამ მიითვალა.
მეორე ტაიმის სტარტზე მატია მოსკონის ფანტასტიკური პასით ფრანჩესკო კამარდამ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
იტალიის 17-წლამდე ნაკრებმა პორტუგალიამდე ნახევარფინალში დანიას აჯობა (1:0), მეოთხედფინალში ინგლისს (1:1 და პენალტების სერიაში), ხოლო ჯგუფში შვედეთი (2:1), სლოვაკეთი (2:0) და პოლონეთი (2:0) დაამარცხა.
იტალიამ 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატი მეორედ მოიგო, პირველად 1982 წლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ „აძურინიმ“ 1987 წელსაც მოახერხა ამ ტურნირის მოგება, როცა ფინალში, „პარკ დე პრენსზე“ საბჭოთა კავშირი დაამარცხა, მაგრამ იმ მატჩში ითამაშა რობერტო სეკიმ, რომელიც გაირკვა, რომ ასაკით უფრო დიდი იყო, ვიდრე ტურნირის რეგლამენტით გახლდათ დაშვებული, რის გამოც მოგვიანებით იტალიელებს ტიტული ჩამოერთვათ. ამიტომ, ეს ოფიციალურად იტალიელთა მეორე ტრიუმფია 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე.