საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ავსტრიაში მიმდინარე შეკრებაზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, შეუძლებელია ამ მომენტში გუნდში კარგი ემოციები არ იყოს.
„შეუძლებელია, რომ კარგი ემოციების გარეშე იყო ამ შეკრებაზე. ევროპის ჩემპიონატს ხშირად არ თამაშობ, 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოსთვის, ჩვენთვის, ხალხისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტურნირია. თუმცა, ისე უნდა მივუდგეთ საქმეს, თითქოს ჩვეულებრივი თამაშებისთვის ვემზადებით.
შეიძლება ითქვას, რომ იმაზე კარგად ვგრძნობ თავს, ვიდრე სეზონის დაწყებამდე. ისეთი ჩემპიონატისთვის ვემზადები, თან იმ ხალხთან, რომელთან ერთადაც მსიამოვნებს ყოფნა. ეს თითქოს ენერგიას გმატებს, უფრო მეტ პოზიტიურ ემოციას იღებ და მზად ხარ ყველაფრისთვის.
მთავარია, ვისიამოვნოთ იმით, რასაც ვაკეთებთ და ხალხს მივანიჭოთ სიამოვნება ამ ყველაფრით. გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭირონ, გაგვამხნევონ, როგორც ამას ყოველთვის აკეთებენ და იმედი მაქვს, რომ მათ გულებს ისევ გავახარებთ“, - თქვა ქოჩორაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდი), ჩეხეთისა (22 ივნისი, ჰამბურგი) და პორტუგალიის (26 ივნისი, გელზენკირხენი) წინააღმდეგ ითამაშებს.
ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე 9 ივნისს, პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.