ფეხბურთი

23:46 | 4.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "პსჟ-ში დამემუქრნენ, რომ თამაშის საშუალებას არ მომცემდნენ"

საფრანგეთის ნაკრების შეკრებაზე კილიან მბაპემ პრესკონფერენცია გამართა. მან ისაუბრა, როგორც მომავალ ევროპის ჩემპიონატზე, ისე პარი სენ-ჟერმენზე და თქვა, რომ მას შემდეგ, რაც კონტრაქტის განახლებაზე უარი თქვა, კლუბის ხელმძღვანელობა დაემუქრა, რომ საერთოდ არ ათამაშებდნენ.

„ფეხბურთში დიდი ზეწოლაა, მაგრამ ცხოვრებაში უფრო სერიოზული რაღაცები არსებობს, ვიდრე ფეხბურთია. თამაშში ძალიან კარგ ხელფასს ვიღებ, ამაზე უფრო რთული სამუშაოები არსებობს. აზრი არ აქვს წუწუნს, როცა ვხედავ, რა ხდება მსოფლიოში.

კრიშტიანუ, სერხიო რამოსმა და მომავალმა თანაგუნდელებმა მომწერეს, რაც ძალიან მახარებს. პსჟ? სეზონის წინ პირდაპირ მითხრეს, რომ მთელი სეზონი არ მათამაშებდნენ, დარწმუნებული ვიყავი, რომ თამაში არ მომიწევდა, მაგრამ ლუის ენრიკემ და ლუის კამპოსმა გადამარჩინეს, მათი მადლიერი ვარ, მათ გარეშე მოედანზე ფეხს ვერ შევდგამდი. მომავალ წელს ასეთი სეზონით კმაყოფილი არ ვიქნები. არ ვიტყვი, რომ პსჟ-ში უბედური ვიყავი, ასე არ იყო, ეს იქნება იმ ადამიანების შეურაცხყოფა, ვინც გვერდში მედგა. ბედნიერი ვიყავი, მაგრამ იყო რაღაცები, რაც არ მომწონდა.

მინიმუმ მომდევნო ხუთი სეზონის განმავლობაში „რეალის“ ფეხბურთელი ვიქნები, ეს ახდენილი ოცნებაა, აღტაცებული ვარ, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს შევუერთდი. მინდა, მადლობა გადავუხადო ფლორენტინო პერესს, რომელსაც ჩემი ყოველთვის სჯეროდა.

ჩემი ფორმა? კმაყოფილი ვარ. სეზონის ბოლოს ნაკლები თამაში მიწევდა, მაგრამ ასე მოხდა, საჭიროა შეგუება და სირთულეების გადალახვა. ვცდილობ ფორმაში დაბრუნებას, რომ ევროპის ჩემპიონატზე, რაც შეიძლება კარგად ვითამაშო. ბედნიერ ადამიანს უკეთ თამაშის მეტი შანსი აქვს, ვიდრე ისეთს, ვინც ბედნიერი არ არის. არანაირი გამართლება არ არსებობს იმ თამაშებზე რაც მქონდა და რაც მექნება, მშვიდად უნდა მოვემზადოთ.

ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონატი ძალიან რთული ტურნირია, უფრო რთული, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატი, რადგან აქ ყველა გუნდი ერთმანეთს იცნობს, ყველა ერთნაირი ტაქტიკით თამაშობს. ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთს 24 წელია არ მოუგია, რაც დიდი დროა, ამიტომ უნდა მოვემზადოთ და საუკეთესო ფორმაში ვიყოთ“, - თქვა მბაპემ.

0.116337