„ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი ტელევიზიის ექსპერტი ჯეიმი კარაგერი მიიჩნევს, რომ მერსისაიდელები იურგენ კლოპის წასვლის შემდეგ უარესად ვერ ითამაშებენ.
„ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პირველი ადგილიდან მეშვიდემდე დაეცა. არ მგონია „ლივერპულსაც“ ასე დაემართოს.
ვიმედოვნებ, კონკურენტუნარიანები ვიქნებით, თუ კარგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გვექნება. ჩვენ გვყავს ხალხი კულისებში. არ მგონია, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ასეთი სტრუქტურა ჰქონოდა, როცა ფერგიუსონი წავიდა. ვენგერის შემთხვევაშიც ასე იყო.
როცა მწვრთნელი სხვაგან მიდის, ყველაფერი თავიდან იწყება. არ მგონია, რომელიმე დამრიგებელს ეს სურდეს. ვფიქრობ, კლოპი არნე სლოტს გამართულ საკლუბო სტრუქტურას უტოვებს.
მე მაინც ველი, რომ „ლივერპული“ ყველა ჯილდოსთვის იბრძოლებს, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზეც“, - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Metro.
იურგენ კლოპმა „ლივერპული“ 2023/2024 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა. მომავალ სეზონში მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი იქნება, რომელიც მანამდე „ფეიენოორდს“ წვრთნიდა.