ფეხბურთი

14:20 | 3.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გასპერინი: "ინტერთან" კონკურენცია მხოლოდ მილიარდი ევროს ვალის აღებით შეიძლება"

ბერგამოს „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ „ინტერთან“ კონკურენციის გაწევის შესაძლებლობაზე დასმულ კითხვას პასუხი საინტერესოდ გასცა.

ცნობილია, რომ „ინტერი“ ვალებშია და კლუბს სერიოზული ფინანსური კრიზისი აქვს. გასპერინიმ კი, ცინიკურად აღნიშნა, რომ მილიარდი ევროს ვალს თუ აიღებენ, „ატალანტა“ „ინტერივით“ ძლიერი იქნება.

„ევროპის სუპერთასზე „რეალთან“ თამაში ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ვსაუბრობთ მსოფლიოში ყველაზე დიდებულ გუნდზე და ამიტომ, „ატალანტას“ მიმართაც დიდი ყურადღება იქნება. რაღაც განსაკუთრებულია იმაზე ფიქრი, რომ შემდეგ სეზონს ამ მატჩით გავხსნით.

კონტრაქტის გახანგრძლივება? ეს არ არის პრიორიტეტული, რადგან კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი ისევ მაკავშირებს.

როგორ შეიძლება სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე არსებული განსხვავება შევამციროთ „ინტერთან“? ერთადერთი გზაა მილიარდი ევროს ვალის აღება და ფეხბურთელების ყიდვა“, - თქვა გასპერინიმ.

შეგახსენებთ, რომ „ატალანტამ“ სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა, რითაც ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, გარდა ამისა, იტალიის თასის ფინალში ითამაშა და რაც მთავარია, ევროპა ლიგა მოიგო.

0.120144