„დორტმუნდის“ მთავარმა მწვრთნელმა ედინ ტერზიჩმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალთან“ (0:2) წაგების შემდეგ ისაუბრა.
როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისმა გუნდმა ყველას უჩვენა, რომ ფინალში მხოლოდ სათამაშოდ კი არა, არამედ მოსაგებად იყვნენ.
„ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ და ვფიქრობ, რომ მეტი დავიმსახურეთ. თამაშის პირველი წამიდან მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ აქ მხოლოდ ფინალის სათამაშოდ კი არ ვიყავით, არამედ მის მოსაგებად. ჩვენ ბევრი რამ სწორად გავაკეთეთ, მაგრამ ისინი საჭირო მომენტში ცივი გონებით მოქმედებდნენ, რაც დღეს ჩვენ გვაკლდა.
შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ ასევე, გავიგეთ, რატომ გახდა „რეალი“ ამ ტურნირის გამარჯვებული მე-15-ედ. ისინი ძალიან ეფექტიანები იყვნენ და ეს გვაკლდა, ახლოს ვიყავით მიზანთან და წვრილმანები დაგვაკლდა. ვულოცავ მეტოქეს, ისინი ყოველთვის მშივრები არიან და ამიტომაც არიან ნამდვილი ჩემპიონები“, - თქვა ტერზიჩმა.
შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდი“ მადრიდის „რეალთან“ 0:2 დამარცხდა.