ფეხბურთი

1:01 | 2.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ისევ და ისევ - "რეალი"!
"დორტმუნდმა" კარგად ითამაშა, მაგრამ "რეალმა" ფინალი კვლავ მოიგო

ევროპული ფეხბურთის ტახტზე ისევ და ისევ მადრიდის „რეალია!“

„დორტმუნდმა“ სასწაული ვერ მოახდინა. დიახ, სასწაულის გარდა სხვა არაფერი ჰქვია ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალის“ წინააღმდეგ გამარჯვებას, რასაც ჯერჯერობით, ვერავინ ახერხებს.

ვერც „დორტმუნდმა“ შეძლო ეს, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში მეტოქეზე ბევრად კარგად ითამაშა. ედინ ტერზიჩის გუნდმა საგოლე მომენტები შექმნა, შეეძლო გატანა, მაგრამ ვერ გამოიყენა საგოლე შანსები. საპასუხოდ, „რეალმა“ კარშიც ვერ დაარტყა შესვენებამდე და 2019 წლისა და „ტოტენჰემის“ მერე პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის პირველი ტაიმი კარში დარტყმის გარეშე დაასრულა.

თუმცა, მეორე ტაიმში ვითარება შეიცვალა, „რეალი“ უკეთ ათამაშდა და მატჩის ბოლოს ორი გოლიც გაიტანა. ჯერ დანი კარვახალმა თავური დარტყმით გახსნა ანგარიში, მერე კი, როდრიგომ უპირატესობა გაზარდა.

„რეალმა“ ჩემპიონთა თასი/ლიგა ისტორიაში მე-15-ედ მოიგო, ბოლო 10 წელში - მეექვსედ. მას შემდეგ, რაც ამ ტურნირს კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგა ეწოდა, „სამეფო კლუბს“ ყველა ფინალი მოგებული აქვს - 9/9! უნიკალური შედეგია. ბოლო ფინალი მადრიდელებმა 1981 წელს „ლივერპულთან“ წააგეს, ჯერ კიდევ ჩემპიონთა თასზე.

ტონი კროოსმა საკლუბო კარიერაში ბოლოჯერ ითამაშა და ჩემპიონთა ლიგა მეექვსედ მოიგო, რითაც ფრანსისკო ჰენტოს რეკორდი გაიმეორა. იგივე გააკეთა ნაჩომ, რომელმაც ასევე ბოლოჯერ ითამაშა "რეალში". ჰენტოს რეკორდი ლუკა მოდრიჩმა და დანი კარვახალმაც გამეორეს - ასე რომ, ზემოხსენებულ ყველა ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგა ექვსჯერ აქვთ მოგებული...

თავის მხრივ, კარლო ანჩელოტიმ მწვრთნელის რანგში მეხუთედ შეძლო ამ ტურნირის მოგება, ისევე, როგორც მაგალითად, ლუკა მოდრიჩმა, დანი კარვახალმა.

„დორტმუნდი“ კი მეორედ დამარცხდა ფინალში, ისევ „უემბლიზე“, როგორც 11 წლის წინ „ბაიერნთან“. ედინ ტერზიჩის გუნდი შექებას იმსახურებს, რადგან არავინ ელოდა, რომ ფინალამდეც მივიდოდა და ფინალშიც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის 2023-2024 წლების სეზონი მადრიდის „რეალის“ ტრიუმფით დასრულდა, ხოლო მომდევნო სეზონიდან ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ახალი ფორმატით ჩატარდება.

„დორტმუნდი“ – „რეალი“ 0:2 (0:0)

ლონდონი, „უემბლი“

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): კობელი; რიერსონი, ჰუმელსი, შლოტერბეკი, მაატსენი; ემრე ჯანი (მალენი 80), ზაბიცერი; სანჩო (ბინო-გიტენსი 87), ბრანდტი (ალე 80), ადეიემი (როისი 72); ფიულკრუგი

მწვრთნელი: ედინ ტერზიჩი

„რეალი“ (4-3-1-2): კურტუა; კარვახალი, რიუდიგერი, ნაჩო, მენდი; ვალვერდე, კამავინგა, კროოსი (მოდრიჩი 85); ბელინგემი (ხოსელუ 85); როდრიგო (მილიტაო 90), ვინისიუსი (ვასკესი 90)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 კარვახალი (74), 0:2 ვინისიუსი (83)

გაფრთხილება: შლოტერბეკი (40), ზაბიცერი (43), ჰუმელსი (79) - ვინისიუსი (35)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 13 (6) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 9:8 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11513