საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ავსტრიულ შეკრებაზე რამდენიმე ფეხბურთელი შეუერთდა.
როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, შეკრებას დღეს ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი და ანზორ მექვაბიშვილი შეუერთდნენ.
მოგეხსენებათ, აქამდე გუნდი 14 ფეხბურთელით ემზადებოდა, ახლა კი, ვილი სანიოლის განკარგულებაში უკვე 20 ფეხბურთელია. ჯერჯერობით, ყველას საკლუბო სეზონი არ დაუსრულებია, მაგალითად, გიორგი გველესიანს, ლუკა გუგეშაშვილს, გიორგი მიქაუტაძეს, ლუკა ლოჩოშვილს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ავსტრიაში ემზადება. ვილი სანიოლის გუნდი 9 ივნისს, პოდგორიცაში, ამხანაგურ მატჩს გამართავს მონტენეგროს ნაკრებთან, ხოლო ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე თურქეთის, ჩეხეთის და პორტუგალიის ნაკრებებს შეხვდება.