"ნაპოლის" ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.
ცნობილი ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი პარიზელებთან შეთანხმდა, ახლა კი, კლუბებმა უნდა მიაღწიონ ტრანსფერზე შეთანხმებას.
პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს და სპორტულ დირექტორ ლუის კამპოსს 23 წლის შემტევი ძალიან მოსწონთ და ფიქრობენ, რომ მარცხენა ფლანგს ის გააძლიერებს. თუმცა, ფრანგული პრესის ცნობით, „ნაპოლისთან“ შეთანხმება ძნელი იქნება, რადგან კლუბს მისი შენარჩუნება სურს.
გარდა ამისა, სხვაობაა ფინანსურ მოთხოვნებშიც: „ნაპოლი“ ხვიჩას დაახლოებით 110 მილიონ ევროდ აფასებს, L’Equipe კი იტყობინება, რომ პსჟ-ს ხელმძღვანელობის აზრით, ამჟამად ქართველის ღირებულება 60 მილიონი ევროა. ამრიგად, კლუბებს შორის მოლაპარაკებები წესით, რთული იქნება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. პსჟ-ში სავარაუდო ტრანსფერის პარალელურად ცნობილია, რომ იტალიური გუნდი ხვიჩასთან კონტრაქტის განახლებაზეც საუბრობს, თუმცა შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიურ გუნდში დღემდე 88 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი მიითვალა.