წალენჯიხაში „იუვენტუსის“ აკადემიის გახსნას დავიდ ტრეზეგე ესწრებოდა, ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც ტურინული კლუბის ელჩია.
ტრეზეგემ, რომელიც საქართველოს პირველად ესტუმრა, პრესკონფერენცია გამართა, სადაც ვიზიტი შეაჯამა:
„მონაწილეობა მივიღეთ ვარჯიშში, სადაც დავინახე ბავშვების მხრიდან ჩართულობა და დიდი სურვილი, რომ კარგად ივარჯიშონ, რათა წარმოაჩინონ თავიანთი უნარები. მნიშვნელოვანია, რომ მათ მწვრთნელებს მოუსმინონ. რაც მთავარია, მათგან არსებობს ვარჯიშში ჩართულობის სურვილი. ახლა მათ ტურინში ჩასვლის შესაძლებლობა ექნებათ, სადაც „მსოფლიო თასის“ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას და ეს საინტერესო იქნება მათთვისაც, რათა გაიგონ, რა დონეზე არიან.
საქართველოში პირველად ვარ და ბევრი დრო არ მქონდა ქვეყნის გასაცნობად, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბევრი ვიმგზავრე ბათუმიდან თბილისამდე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დრო არ მქონია, დავინახე ორგანიზებული და ლამაზი ქვეყანა, რაც მთავარია, ხალხი ძალიან თბილი და თავაზიანია.
ქართველი ფეხბურთელები კარგად ვითარდებიან. რაც შეეხება კვარაცხელიას, ძალიან განვითარებადი და საინტერესო ფეხბურთელია, რომელიც „ნაპოლიში“ კარგად გამოდის. ის ახალი პროტოტიპის ფეხბურთელია მათ შორის, რომლებიც მაღალ დონეზე არიან. უნდა გააგრძელოს თავისი კლასის ჩვენება, რაც „ნაპოლიში“ უკვე გააკეთა. ახლა ექნება ახალი გამოწვევები და ისევ უნდა მოახერხოს ამის გაკეთება. საინტერესო და კარგი ფეხბურთელია, რომელსაც „ნაპოლიში“ შესანიშნავი პირველი სეზონი ჰქონდა, მეორე სეზონში უფრო გაუჭირდა, როგორც მას, ასევე მთლიანად გუნდს. თუმცა, მისი კარიერა ეს-ესაა დაიწყო და უნდა გააგრძელოს იმის ჩვენება, რომ სურს მაღალ დონეზე იყოს აწმყოსა და მომავალში.
პირველ რიგში, ძალიან მიხარია ის, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩემი ძვირფასი მეგობრის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით შეძლო, რადგან ეს ემოციურად ჩემთვის მნიშვნელოვანია. საქართველოს საუკეთესოებთან თამაშის შანსი ექნება. ჯგუფი ძალიან თანაბარია და ყველაფერი ღია იქნება. ვხედავ ენთუზიაზმს, ფეხბურთელებიც მოტივირებული იქნებიან, რადგან საშუალება აქვთ თავიანთი თავი წარმოაჩინონ. ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე საქართველოს ნაკრებს კარგ ასპარეზობას ვუსურვებ.
როგორ მოვახერხე ფეხზე წამოდგომა 2003 და 2006 წლის ფინალებში გაცუდებული პენალტების შემდეგ? ცხოვრება გრძელდება, ეს თამაშია, სპორტია. ჩემი მენტალიტეტი ყოველთვის იყო წინ გახედვა და წარმატებისკენ სწრაფვა. არასდროს ვყოფილვარ კონცენტრირებული ჩემს სუსტ მხარეებსა და უარყოფით ფაქტორებზე.
იტალიის ნაკრები? სპალეტიმ პირველი კარგი ნაბიჯი გადადგა და გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. იტალიას დიდი ისტორია აქვს და არავის უნდა დაემალოს, ევროპის ჩემპიონატზე მთავარი მოქმედი გმირი უნდა იყოს. მათ უნდა დაისახონ მიზანი სხვა ნაკრებებივით, რომ მოიგონ ეს ტურნირი და რაც შეიძლება შორს გავიდნენ. საინტერესო გუნდია, რომელმაც ყველაფერი მოედანზე უნდა დაამტკიცოს“, - თქვა ტრეზეგემ.
შეგახსენებთ, რომ დავიდ ტრეზეგემ „იუვენტუსში“ 2000-2010 წლებში 320 მატჩში 171 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერია.
რაც შეეხება წალენჯიხის აკადემიას, იქ ამჟამად 80 ბავშვი ვარჯიშობს.