ფეხბურთი

14:44 | 31.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "ნაპოლიმ" უარი თქვა 110 მილიონ ევროდ კვარაცხელიას გაყიდვაზე

იტალიური მედია იტყობინება, რომ „ნაპოლიმ“ „პარი სენ-ჟერმენისგან“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე 110 მილიონის შეთავაზება მიიღო, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისმა გაყიდვაზე უარი თქვა.

„აძურის“ პრეზიდენტისთვის ქართველი ხელშეუხებელია და როგორც ჩანს, მას ახალი პროექტის საყრდენ ფიგურად მიიჩნევს.

„აძურიმ“ მასზე პსჟ-ს 110 მილიონის შემოთავაზება უარყო. ფრანგები ნადირობენ მფრინავ ახალგაზრდებზე, რომლებიც მბაპეს წასვლით სიცარიელეს შეავსებენ. „ნაპოლის“ ხაზი კი, მკაფიოა: კვარა ხელშეუხებელია და კონტეს ახალი პროექტის საყრდენი იქნება, ახლა მხოლოდ კონტრაქტის განახლების საკითხია მოსაგვარებელი“, - წერს Gazzetta Dello Sport-ი.

ამავე ინფორმაციას ავრცელებს კიდევ ერთი გავლენიანი გამოცემა La Repubblica, რომლის სტატიაში წერია:

„პსჟ-ს ქართველი მბაპეს შემცვლელთა სიაში ჰყავს. მაგიდაზე 110 მილიონის შეთავაზებაა, რომელიც უარყოფილია. „ნაპოლი“ მხოლოდ წარმოუდგენელ შეთავაზებას განიხილავს (მინიმუმ 130 მილიონი), მაგრამ მამუკა ჯუღელთან მუშაობას აგრძელებს. კვარა თუ არ წავა, კონტრაქტის განახლება მაინც აუცილებელი იქნება. მას სურს დარწმუნდეს „ნაპოლის“ ახალ ამბიციებში და ამისთვის საკმარისია დაელოდოს ახალი მწვრთნელის დანიშვნაზე ოფიციალურ განცხადებას. ანტონიო კონტე აბსოლუტურ გარანტიას ნიშნავს“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. პსჟ-ში სავარაუდო ტრანსფერის პარალელურად ცნობილია, რომ იტალიური გუნდი ხვიჩასთან კონტრაქტის განახლებაზეც საუბრობს, თუმცა შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიურ გუნდში დღემდე 88 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი მიითვალა.

0.1179