ფეხბურთი

23:42 | 30.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგი ჟურნალისტი: "პსჟ-ს და კვარაცხელიას წარმომადგენლების შეხვედრა რომში შედგა"
Le Parisien-ის ჟურნალისტმა ნეაპოლურ რადიოსთან კვარა-პსჟ-ზე ისაუბრა

Le Parisien-ის ჟურნალისტმა ადრიენ შანტეგრელემ ნეაპოლურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ წარმომადგენლებსა და ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს შორის შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ რომში შედგა.

„პსჟ ახალ ეპოქას გახსნის „რეალში“ მბაპეს წასვლით. მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ ასეთი ფეხბურთელის შეცვლის სირთულეებზე, მენეჯერები შეთანხმდნენ, რომ მთავარი სამიზნე კვარაცხელია იქნებოდა. კლუბი არ ეძებს ფორვარდს, არამედ მარცხენა გარემარბს, რომელიც მარჯვენა ფეხით თამაშობს, როგორც კვარა.

რამდენიმე კვირის წინ პსჟ-ს და კვარაცხელიას აგენტი რომში შეხვდნენ მოლაპარაკებებზე. ლუის კამპოსი რომში იყო წასული მამუკა ჯუღელთან შესახვედრად. ცხადია, რომ არც ფეხბურთელი და არც მისი გარემოცვა ამ პროექტის მიმართ გულგრილი არაა, რადგან მას პარიზში სხვა განზომილებაზე ასვლა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ბრედლი ბარკოლასთან კონკურენცია ექნება.

ვიცით, რომ დე ლაურენტისთან შეთანხმება რთულია. ვფიქრობ, პსჟ-ს შეუძლია კვარაში 80-90 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ ჩემი აზრით, „ნაპოლის“ დასარწმუნებლად ეს საკმარისი არ იქნება. „ნაპოლის“ და პსჟ-ს კარგი ურთიერთობა აქვთ, თუმცა რთული ოპერაცია იქნება“, - თქვა შანტეგრელემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. პსჟ-ში სავარაუდო ტრანსფერის პარალელურად ცნობილია, რომ იტალიური გუნდი ხვიჩასთან კონტრაქტის განახლებაზეც საუბრობს, თუმცა შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიურ გუნდში დღემდე 88 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი მიითვალა.

0.115588