ფეხბურთი

20:11 | 30.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ფეხბურთელი: "როცა კვარაცხელიას გაყიდიან, "ნაპოლის" თამაშებს აღარ ვუყურებ"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო ფლორო ფლორესმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, როდესაც ქართველს გაყიდიან, „ნაპოლის“ თამაშის ყურებას შეწყვეტს.

„ის გარემარბია, რომელიც ფლანგებზე თავისუფლად თამაშობს, კონტესთან კი მიმუშავია და ვიცი, რომ მისი თამაში ხშირად სინქრონიზებულია. ახლა კვარაცხელიას ადგილს კონტეს სქემაში ვერ ვხედავ, შესაძლოა, მე ვცდები, მაგრამ ჩემი აზრით, 3-5-2 სქემაში გაუჭირდება.

ისიც უნდა ითქვას, რომ ანტონიო კონტე დიდი მწვრთნელია და თავისი გამოცდილების მქონე მწვრთნელმა იცის, როგორ მოერგოს გარკვეულ მოთამაშეებს, რადგან კვარას შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება.

ალბათ, „ნაპოლის“ თამაშის ყურებას შევწყვეტ, როცა ქართველი გაიყიდება. ბილეთის ფასად ის მარტო ღირს, ელეგანტური და ლამაზი სანახავია მისი თამაში. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ყველა მწვრთნელს სურს და არ მგონია, კონტე მის გაშვებას დათანხმდეს“, - თქვა ფლორო ფლორესმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. პსჟ-ში სავარაუდო ტრანსფერის პარალელურად ცნობილია, რომ იტალიური გუნდი ხვიჩასთან კონტრაქტის განახლებაზეც საუბრობს, თუმცა შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიურ გუნდში დღემდე 88 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი მიითვალა.

0.106381