ფეხბურთი

20:43 | 30.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის B დივიზიონის მასპინძელია

2024 წლის ზაფხულში, ბათუმი ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის B დივიზიონს უმასპინძლებს. B დივიზიონის მატჩები 17-21 ივლისს გაიმართება.

საქართველომ ევროპის ქვიშის ფეხბურთის ასოციაციისგან აღნიშნული დივიზიონის მასპინძლობის უფლება 5 წლით მოიპოვა.

მასპინძელი სტადიონის მშენებლობა ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ახალი სტადიონი, რომლის მშენებლობასაც ბათუმის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, 1300 მაყურებელზე იქნება გათვლილი და სრულად შეესაბამება ქვიშის ფეხბურთში არსებულ თანამედროვე სტანდარტებს.

კახა ჭუმბურიძე (სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი): „მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის ქვიშის ფეხბურთის B ლიგის მასპინძელი მომავალი 5 წლის განმავლობაში იქნება. ამ ზღვისპირა ქალაქს უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა სპორტული ღონისძიების მასპინძლობის კუთხით და სასიხარულოა, რომ ამჯერად, ქვიშის ფეხბურთის სახლი 5 წლით გახდება. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ტურნირის მასპინძლობა ხელს შეუწყობს რეგიონში სპორტის ამ სახეობისა და ზოგადად სპორტის პოპულარიზაციას.

მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მთავრობას, აღნიშნულ პროექტში მხარდაჭერისთვის. დასრულების შემდეგ, კიდევ ერთი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა დარჩება ქალაქს. ასევე, მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს ნაკრებს, რომელიც ზაფხულში გასამართ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, ბათუმელი გულშემატკივარი, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა აქტიურობით, საკუთარ გუნდს საშინაო არენაზე გაამხნევებს.“

ტურნირში მონაწილე გუნდების რაოდენობა და ტურნირის განრიგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

GFF.GE

0.118239