ფეხბურთი

22:11 | 29.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო ბონუჩიმ კარიერა დაასრულა

ლეონარდო ბონუჩიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 37 წლის მცველმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელსაც ვიდეოკოლაჟიც დაურთო.

ლეგენდარული ფეხბურთელი ბოლოს სტამბოლის „ფენერბაჰჩეში“ თამაშობდა, სადაც 6 თვე გაატარა, ხოლო მანამდე სეზონის პირველი ნახევარი „უნიონ ბერლინში“ ითამაშა.

ბონუჩი „ინტერის“ აღზრდილია, სადაც მხოლოდ ოთხჯერ ითამაშა, შემდეგ „ტრევიზოს“, „პიზას“ და „ბარის“ წევრი იყო, ერთი სეზონი „მილანის“ შემადგენლობაშიც ირიცხებოდა, მაგრამ მისი კარიერის საუკეთესო პერიოდი ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირდება.

2010-2017 და 2018-2023 წლებში მან „იუვეში“ 502 მატჩში 37 გოლი გაიტანა და „ბებერი ქალბატონის“ რიგებში მასზე მეტჯერ მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს აქვს ნათამაშები.

იტალიის ნაკრებში ბონუჩიმ 2010-2023 წლებში 121 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, ხოლო 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, რომლის ფინალში მან ინგლისის წინააღმდეგ გოლის გატანაც მოახერხა. ბონუჩიმ ევროპის ჩემპიონატის გარდა, 9-ჯერ იტალიის ჩემპიონატი, 4-ჯერ იტალიის თასი და 5-ჯერ იტალიის სუპერთასი მოიგო. გარდა ამისა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, 2012 წელს კი, ევროპის ჩემპიონატზეც ვერცხლის მედალი მოიპოვა.

0.117352