ფეხბურთი

22:45 | 29.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე - პლეი-ოფების მეფე

„მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში დასარჩენად ორმატჩიან პლეი-ოფში „სენტ ეტიენს“ დაუპირისპირდება. გასაკვირი არაა, რომ „მეცის“ მთავარი იმედი გიორგი მიქაუტაძეა, რომელმაც ლიგა 1-ში 20 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

ქართველმა ნახევარი სეზონი ნიდერლანდებში გაატარა, მაგრამ „მეცში“ საუკეთესოა, როგორც გოლების (დიდი უპირატესობით), ისე საგოლე პასების რაოდენობით. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ფრანგული გუნდი დიდწილად მასზეა დამოკიდებული.

ვებგვერდ Socios-fcmetz-ზე საინტერესო ამბავი გაიხსენეს. კერძოდ ის, რომ პლეი-ოფში თამაში გიორგისთვის უცხო სულაც არაა.

2021 წელს, როცა ის „სერენში“ იყო განათხოვრებული, ბელგიის უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელ პლეი-ოფში „ვაასლანდ-ბევერენს“ შეხვდა. „სერენმა“ ორი მატჩის ჯამში 6:3 მოიგო (1:1, 5:2), ხოლო სამი გოლი მიქაუტაძის ანგარიშზე იყო. შესაბამისად, მაშინ მან, როგორც რეგულარულ სეზონში (19 გოლი), ისე პლეი-ოფში მთავარი როლი ითამაშა „სერენის“ წარმატებაში, რომელიც ბელგიის პრო ლიგაში აღზევდა.

ერთი წლის მერე, 2022 წელს, „სერენს“ იმავე პლეი-ოფში თამაში მოუწია, ამჯერად დასარჩენად და კვლავ მიქაუტაძის წყალობით მოიგო. „სერენისა“ და „მოლენბეკის“ ორმატჩიან დუელში ერთადერთი გოლი გავიდა (1:0, 0:0), რომელიც ქართველმა გაიტანა და „სერენი“ უმაღლეს დივიზიონში დატოვა. მაშინ მიქაუტაძემ პრო ლიგაში 9 გოლი გაიტანა, რასაც პლეი-ოფში გადამწყვეტი გოლიც დაუმატა და ისევ მთავარი გმირი იყო „სერენისთვის“.

ამჯერად ის „მეცშია“ მთავარი გმირი და იმედოვნებენ, რომ „სენტ ეტიენთანაც“ გამოიჩენს თავს, მით უფრო, ამ გუნდის წინააღმდეგ გოლების გატანა მისთვის უცხო არაა, რადგან 2023 წლის 22 აპრილს, „მწვანეების“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა.

შეგახსენებთ, „მეცი“ „სენტ ეტიენს“ 30 მაისს ესტუმრება, ხოლო 2 ივნისს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115195