ფეხბურთი

20:05 | 29.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენის" მწვრთნელი: "განსაკუთრებული ყურადღება მიქაუტაძეს უნდა მივაქციოთ"
"სენტ ეტიენის" ტრიბუნებზეც კი, უსაფრთხოების ზომებს მიქაუტაძის გამო გააძლიერებენ

„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლივიე დალ’ოლიომ „მეცთან“ მატჩის წინ ისაუბრა და მეტოქის რიგებიდან განსაკუთრებით გიორგი მიქაუტაძე გამოარჩია. როგორც მან აღნიშნა, თავის ფეხბურთელებს დაავალებს, რომ ქართველის წინააღმდეგ კონცენტრაცია არ მოადუნონ.

„მეცი“ ძლიერი გუნდია, ფიზიკურად ძალიან ძლიერი და სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს, გუნდის ლიდერი გიორგი მიქაუტაძეა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია მეტოქის დაცვის დესტაბილიზაცია. პსჟ-სთან ბოლო მატჩშიც ვნახეთ, რომ ამ ტიპის მეტოქის წინააღმდეგაც კი, მაღალი დონის მოთამაშეა.

ნამდვილად არ არის ადვილი მიქაუტაძის შეჩერება. მას ყურადღება ნებისმიერ დროს უნდა მივაქციოთ. შეიძლება არც ჩანდეს, მაგრამ უცებ გამოჩნდება და თამაშში განსხვავებას ქმნის. ამიტომ, ჩვენს მცველებსა და ნახევარმცველებს დავავალებ, რომ მას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ“, - თქვა დალ’ოლიომ.

შეგახსენებთ, „მეცი“ „სენტ ეტიენს“ 30 მაისს ესტუმრება, ხოლო 2 ივნისს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძემ გასულ სეზონში ლიგა 2-ში „სენტ ეტიენს“ სტუმრად ორი გოლი გაუტანა და ერთ-ერთი გოლი მან პროვოკაციულად აღნიშნა, როდესაც მასპინძელ ფანებს თითებით ჟესტი „69“ უჩვენა, რასაც არეულობა და მატჩის შეწყვეტა მოჰყვა.

ვინაიდან შიშობენ, რომ ახლაც შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს, ფრანგული მედია იტყობინება, რომ ტრიბუნებზე დაცვის ზომებს კიდევ უფრო გაამკაცრებენ. გიორგიმ მაშინ ეს ჟესტი იმით ახსნა, რომ ის ლიონიდანაა და სენტ ეტიენის ფანების რეაქციაც შესაბამისი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.113781