ფეხბურთი

14:31 | 28.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილმა "ლევანტესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა (+VIDEO)
"მიხარია, რომ ჩვენი ურთიერთობა გრძელდება"

გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტესთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ესპანურმა კლუბმა გააქტიურა პუნქტი, რომლის თანახმად, ის ვალენსიელთა რიგებში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ქართველმა ფეხბურთელმა ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა და არა მარტო „ლევანტეზე“, არამედ საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ „ლევანტეს“ სოციალურ ქსელში ასევე გამოქვეყნდა ილია თოფურიას ვიდეომიმართვა, რომელმაც აცნობა გულშემატკივარს გიორგისთან კონტრაქტის განახლების შესახებ.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივე, რადგან ამ კლუბმა ძალიან ბევრი რამ მომცა. მიხარია, რომ კლუბში ვრჩები და ყველაფერს გავაკეთებ. პროფესიულ ფეხბურთში ჩემი პირველი წელია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მივაღწიე იმას, რომ ვითამაშე „ლევანტეში“, გავედი ევროპის ჩემპიონატზე. ჩემთვის რთული წელი იყო, ყოველდღე უნდა იბრძოლო იმისთვის, რისიც გჯერა და ყველაფერი უნდა გააკეთო.

საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა ასეთ დიდ ტურნირზე და მიხარია, რომ ეს ახლა ხდება, როცა 24 წლის ვარ და შემიძლია მეც ვითამაშო ჩემი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში“, - თქვა გიორგიმ.

გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ რიგებში ახლახან დასრულებულ სეზონში 25 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.120334