ფეხბურთი

2:00 | 28.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "ნაპოლის" შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, მათ გარეშე სკუდეტოს ვერ მოვიგებდი"
"არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ჩემთვის გასაკვირია, რომ სეზონი ასე ცუდად ჩაატარეს"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „აძურის“ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს და მისთვის გასაკვირია, რომ გუნდმა ასეთი ცუდი სეზონი ჩაატარა.

გარდა ამისა, სპალეტიმ ანტონიო კონტეზეც ისაუბრა და ურჩია, რომ აურელიო დე ლაურენტისს მოუსმინოს, რადგან მან ძალიან ბევრი რამ იცის:

„არ ვიცი, კონტე არის თუ არა შესაბამისი მწვრთნელი კრიზისიდან გამოსასვლელად. რა თქმა უნდა, ის ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. ჩემთვის გასაკვირი იყო „ნაპოლის“ ასეთი სეზონი, რადგან ჩემი აზრით, შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს, დიდებული ჩემპიონები და შესანიშნავი ფეხბურთელები. ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა იმის გაკეთება, რაც გავაკეთეთ, დიდი ფეხბურთელების გარეშე. ასე რომ, არ ვიცი, რა მოხდა, ჩემზე მეტად თქვენ ადევნებდით თვალს „ნაპოლის“ და ალბათ, ჩემზე მეტიც იცით. ცხადია, რომ ერთ სეზონში მწვრთნელის სამჯერ შეცვლა ფეხბურთელებს გარკვეულ პრობლემებს უქმნის, რომლებსაც ყოველ ჯერზე განსხვავებული რაღაცების ათვისება უწევთ. თუმცა, „ნაპოლის“ უმაღლესი დონის შემადგენლობა ჰყავს და ვწუხვარ, რომ ევროტურნირებზე ვერ გავიდა.

რჩევა კონტეს დე ლაურენტისთან ურთიერთობის სამართავად? (იცინის - რედ), არ ვიცი... რაღაც მომენტში მის ადგილას გავჩუმდებოდი და მოვუსმენდი, რადგან მან ბევრი რამ იცის. დე ლაურენტისმა ნეაპოლში ფეხბურთი დააბრუნა და შესანიშნავი გუნდი შექმნა. მან კარგ შედეგებს მიაღწია, ამიტომ მას უნდა მოუსმინოს, რადგან ის არის ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ იცის.

იტალიის ნაკრები? იტალიის ნაკრების მაისური მსოფლიოში ყველაზე მშვენიერია, მისი მწვრთნელობა არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლებოდა ჩემს ცხოვრებაში მომხდარიყო. ახლა კარიერის უმაღლეს წერტილზე ვარ. როდესაც მკითხეს, გავხდებოდი თუ არა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ორ წუთში ვთქვი - დიახ“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ 2021-2023 წლებში წვრთნიდა და გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა.

0.115781