კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “ქუთაისმა” სუპერლიგის ფინალური სერიის მე-3 მატჩში “კავკასია” 100:77 (სტატისტიკა) დაამარცხა და ჩემპიონობას მიუახლოვდა. იმერული კლუბი სერიას 2:1 იგებს და თუკი მომდევნო მატჩში გაიმარჯვებს, საქართველოს ჩემპიონის ტიტულს მესამედ დაეპატრონება. მოგეხსენებათ, ფინალური სერია 3 მოგებამდეა და მეტოქეთაგან ჩემპიონობასთან უფრო ახლოს ქუთაისია. ბექა წივწივაძის გაწვრთნილ კავკასიას, რომელიც ფინალში პირველადაა, ჩემპიონობის მოსაგებად ზედიზედ 2 გამარჯვება სჭირდება, რაც შეუძლებელი არა, მაგრამ რთული მისაღწევი იქნება.
როგორც ანგარიშიდან ჩანს, ფინალური სერიის მე-3 მატჩი ქუთაისელებმა იოლად მოიგეს. 23-ქულიანი ლიდერობა არის იმ დალაგებული თამაშის შედეგი, რომელსაც იმერულმა კლუბმა საფუძველი მე-2 პერიოდში ჩაუყარა და დიდი შესვენების შემდეგ სრულყო. არადა, კოტე ტუღუშის გუნდმა პირველი პერიოდი 20:27 წააგო და მოგვიანებით 10 ქულითაც ჩამორჩა. ამ სოლიდური ჩამორჩენის შემდეგ სტუმრებმა (თამაში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა) მოახერხეს თამაშის შემობრუნება, რაც უპირველესად საიმედო დაცვის დამსახურება იყო.
როცა დაცვა გაამაგრა, ქუთაისს შეტევაში გზა გაეხსნა. მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ იწყეს ქუთაისელებმა დეფიციტის აღმოფხვრა და უკვე დიდი შესვენებამდე წინ გაჭრა მოახერხეს. ეს უპირველესად დეტრეკ ბრაუნინგის დამსახურება გახლდათ, რომელიც უფრო ბომბარდირული თვისებებით გამოირჩევა და ცხადია, სტატისტიკაც სხვებზე უმჯობესი უგროვდება. არანაკლებ პროდუქტიული იყო აკაკი დვალიშვილი, რომელიც არა მხოლოდ ფარქვეშ, პერიმეტრიდანაც შედეგიანად მოქმედებდა. პირველი ნახევრის ბოლო წუთებზე ქუთაისი 41:35 დაწინაურდა, თუმცა დიდ შესვენებაზე სტუმართა მინიმალური ლიდერობა დაფიქსირდა – 47:46.
ნათქვამია, ვინ ც იგებს მე-3 პერიოდს, ის იგებს თამაშსო. ეს, ცხადია, ასპროცენტიანი ფორმულა არ გახლავთ, თუმცა მე-3 პერიოდი იმდენად საკვანძოა, მასში სოლიდური უპირატესობის მოპოვება, გამარჯვების გზაზე მიმავალ კარს ფართოდ გიღებს. ჰოდა, 31:18 მოგებული პერიოდის შემდეგ ქუთაისმა მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტა. დეტრეკ ბრაუნინგის შედეგიანი თამაშის შედეგი ტაბლოზე აისახა და ქუთაისელებს დარჩენილ ათწუთეულში თამაშის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ.
28 ქულით ბრაუნინგი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. მის ანგარიშზე 5 შედეგიანი გადაცემა და 4 მოხსნაც იყო. აკაკი დვალიშვილმა შეხვედრა 17 ქულით, 8 მოხსნითა და 5 პასით დაასრულა 13-13 ქულა მარქუს გილსონმა და გიორგი ოჩხიკიძემ მოაგროვეს. კავკასიაში 20 ქულით ბომბარდირი გახდა ჯასტინ ფორესტი. 17 ქულა გრეგ ფარჰემმა, ხოლო 15 – ილია ლონდარიძემ დააგროვეს.
ფინალურის სერიის მე-4 მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 27 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.
GEONOC.ORG.GE