ფეხბურთი

20:21 | 26.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილმა "ვალენსიაში" მეასედ ითამაშა და სეზონი დაასრულა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის ბოლო ტურში „ვალენსია“ სტუმრად „სელტას“ დაუპირისპირდა და გუნდები დაზავდნენ - 2:2.

კარლოს დომინგესის ავტოგოლით ვალენსიელები მეხუთე წუთზე დაწინაურდნენ და ტაიმიც მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვალა.

48-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილის კარში გოლი იაგო ასპასმა პენალტით გაიტანა. ქართველი ძალიან ახლოს იყო დარტყმის მოგერიებასთან, ბურთს შეეხო კიდეც, მაგრამ გუნდი ვერ გადაარჩინა.

მე-60 წუთზე ასევე პენალტით ალბერტო მარიმ სტუმრები ისევ დააწინაურა, თუმცა ორ წუთში ანასტასიოს დუვიკასმა მეორედ გაათანაბრა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. მამარდაშვილმა ორი დარტყმის მოგერიება შეძლო. თამაშის ბოლო წუთებში, მოედნიდან ტიერი კორეიას გასვლის მერე ქართველი „ლოს ჩეს“ კაპიტნობდა.

მან „ვალენსიას“ მაისურით მეასე ოფიციალური მატჩი ჩაატარა და შეიძლება ბოლოც, რადგან მის ტრანსფერზე ბევრს საუბრობენ. ქართველმა მეკარემ ლა ლიგის 2023-2024 წლების სეზონი 37 მატჩში გაშვებული 44 გოლით და 13 მშრალი მატჩით დაასრულა.

„ვალენსია“ 49 ქულით მეცხრე ადგილზე გავიდა და უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 7 შეხვედრა ვერ მოიგო.

0.137902