ფეხბურთი

22:10 | 25.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსმა“ სეზონი გამარჯვებით დაასრულა (+VIDEO)

დღეს, 25 მაისს, სერია A-ს ბოლო ტურის მატჩში, „იუვენტუსმა“ „მონცას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

26-ე წუთზე ანგარიში ფედერიკო კიეზამ გახსნა. ორი წუთის შემდეგ მასპინძლებმა გააორმაგეს უპირატესობა: მცველმა ალექს სანდრომ გაიტანა, რომელმაც ტურინულ გრანდში ბოლო მატჩი ჩაატარა და "ბებერ ქალბატონს" გოლით დაემშვიდობა. მატჩის 90-ე წუთზე, მეორე გაფრთხილების შემდეგ, მოედანი „მონცას“ თავდამსხმელმა ალესიო ძერბინმა დატოვა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ტურინელებმა 71 ქულა დააგროვეს და მესამე ადგილზე გადაინაცვლეს, „ბოლონიას“ (68) გადაუსწრეს, რომელმაც ამ სეზონში ყველა მატჩი უკვე ჩაატარა, თუმცა, "იუვეს" ჯერ მესამე ადგილი არ აქვს განაღადებული, რადგან "ატალანტას" ორი შეხვედრა აქვს დარჩენილი და ორივეს თუ მოიგებს, ის გავა მესამე პოზიციაზე, ხოლო "იუვენტუსი" - მეოთხეზე. ნებისმიერ შემთხვევაში ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა: ჩემპიონთა ლიგის საგზური ტურინელებმაც მოიპოვეს, ბერგამოელებმაც და ასევე "ბოლონიამაც".

დღესვე მოგვიანებით „მილანი“ „სალერნიტანას“ შეხვდება, მაგრამ ამ მატჩს პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ აქვს, 74-ქულიანი „მილანი“ ყველა შემთხვევაში მეორე ადგილზე დარჩება. ჩემპიონი კი მოგეხსენებათ, ნაადრევად გახდა „ინტერი,“ რომელსაც 93 ქულა და კიდევ ერთი შეხვედრა (კვირას „ვერონასთან“ სტუმრად) მარაგში აქვს.

0.118062