ბოლნისის “ყოჩებმა” საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო და 25 ქულით პირველ ადგილზე კომფორტულად მოკალათდა.
ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა სეზონის განახლებამდე რამდენიმე წამყვანი მორაგბე დაკარგა, მაგრამ გამოჩნდა, რომ ხელწამოსაკრავი მეტოქე არაა და პრინციპში, თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, გამარჯვებაც სტუმრებს უნდა დარჩენოდათ. არმიელები მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას, მეტოქის შერკინებას ნებისმიერ შემთხვევაში ჯაბნიდნენ და “ყოჩების” 22-ში და წითელ ზოლშიც დიდი დრო გაატარეს, მაგრამ ამ ყველაფრის ქულებში ასახვა ვერ შეძლეს, სულ ბოლოს კი, როდესაც დაწინაურდნენ, დაცვაში ვეღარ დადგნენ და ისეთი ანგარიშით დამარცხდნენ, როგორსაც ნამდვილად არ იმსახურებდნენ.
შეხვედრა მასპინძლების შეტევებით დაიწყო და მათ მეორე წუთზევე შეეძლოთ ლელოს გატანა, როდესაც ნიკოლოზ ჩხიკვაძემ ხაზი სუფთად გაჭრა და ორი “ყოჩი” ერთ მცველზე გავიდა, მაგრამ ასპროცენტიანი სალელოვე შეტევის განხორციელება ვერ მოხერხდა. მერე სტუმართა ფორვარდებმა ლაშა ბაირამაშვილს ჯარიმის შესრულების უფლება მოუტანეს, თუმცა კარიდან ოდნავ მარჯვნივ, დაახლოებით 25 მეტრიდან მან არაზუსტად დაარტყა. ამ და შემდგომ ეპიზოდებშიც, “ყოჩების” დაცვამ დასკვნით ფაზებში კარგად ითამაშა და ხშირ შემთხვევაში ჯარიმების ხარჯზე, მაგრამ თბილისელთა სალელოვე მიძალებები თავდადებული დაცვის და კარგი გამძლეობის ხარჯზე შეაჩერა.
ანგარიში მე-14 წუთზე დაიხსნა. მოლში ამჯერად “არმია” დაჯარიმდა და თემურ სოხაძემ 45 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა. ამას კვლავ ქვემოქართლელების შეტევა მოყვა და ირაკლი ჩხიკვაძე სახიფათო ბოჭვისთვის სინბინით დასაჯეს. სოხაძემ კარის წინ 38 მეტრიდან ბურთს ხეირიანად ვერ ამოკრა და ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. თამაში რომ გაგრძელდა, სულ არ ეტყობოდა “არმია” კაცნაკლული თუ თამაშობდა, რადგან მათი ფორვარდები შერკინებასა და მოლში დომინირებდნენ და ბურთიც უმეტესად თბილისელებს ჰქონდათ, მაგრამ ლელოს გატანა ვერ მოხერხდა. 28-ე წუთზე ბაირამაშვილმა კიდევ ერთხელ სცადა ჯარიმიდან ბედი, თუმცა მიზანმა ამჯერადაც უმტყუნა.
ტაიმის ბოლოს ბოლნისელებმა შეძლეს ცენტრალური ხაზის გადაკვეთა და მართალია შავლეგ მახარაშვილს არეკნი გაუცუდდა, მაგრამ მალევე დავით გრძელიშვილმა მეტოქის 9 ნომრის შეცდომით ისარგებლა, ბურთი ჩაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო სოხაძემ გარდასახვით ანგარიში 10:0 გახადა. ამ ეპიზოდმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. არმიელები თვლიდნენ, რომ გრძელიშვილმა თამაშგარიდან ითამაშა, მაგრამ რეფერი გვერდით მსაჯს გაესაუბრა და ლელო ამის მიხედვით ჩათვალა. თამაში რომ განახლდა “ყოჩების” შერკინება ისევ დაიჩაგრა, დარტყმის უფლება გიორგი ელიზბარაშვილმა გადაიბარა და ზედ შესვენების წინ ჩამორჩენა ერთ გარდასახულ ლელომდე დაიყვანა.
მეორე თამაში კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა. “ყოჩებმა” არმიელთა მხრიდან თავსმოხვეულ ძალისმიერ თამაშს თავი ვერ დააღწია და დროის დიდმა ნაწილმა კვლავ მათ 22-ში გაიარა. ელიზბარაშვილს სხვაობის კიდევ უფრო შემცირების შანსი მალევე მიეცა, მაგრამ ცენტრიდან ჯარიმა არაზუსტად დაარტყა. მერე მოედანზე გაწევ-გამოწემა ატყდა, რეფერი სიტყვიერი გაფრთხილებებით შემოიფარგლა, თბილისელთა მორიგი მიძალება კი, მასპინძლებს ბოლო მომენტში მოიგერიეს. თითქოს შეძლო “ყოჩებმა” თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატა, მაგრამ ბაირამაშვილს ერთ-ერთი მათი მორაგბე დარტყმის შემდეგ რომ ეთამაშა ჯარიმით დაისაჯა და ელიზბარაშვილმა 54-ე წუთზე ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა.
ტაიმის ბოლოს მეორედ ატყდა ჩხუბი და რეფერიმ მასპინძელთაგან შავლეგ მახარაშვილი, ხოლო სტუმრებიდან დავით დაუშვილი გაასინბინა. ერთ წუთში “ყოჩების” შერკინება კიდევ ერთხელ რომ ვერ დადგა ყვითელი ლევან შენგელიამაც მიიღო და 13 ბოლნისელი 14 თბილისელის წინააღმდეგ დარჩა. “არმიამ” მხოლოდ ახლა მოისურვა მეტოქის 22-ში დანიშნული ჯარიმის ნაცვლად შერკინების აღება, არადა, ამის გაკეთება ადრეც შეიძლებოდა. ამ მომენტისთვის მასპინძლებს სამი პირველხაზელი აღარ ყავდათ, რადგან ორი ტრავმის, ხოლო ერთი სინბინის გამო ისვენებდა და სტუმრებსაც იარაღად მხოლოდ აუტები და მოლით შეტევა დარჩათ.
დიდი ხნის განმავლობაში ქვემოქართლელები მეტოქის მიძალებას ზედ ხაზზე აჩერებდნენ, თუმცა მერე იერიში გრძელ ფლანგზე გაიშალა და ელიზბარაშვილი მარცხენა ალამთან შეცურდა. ბაირამაშვილის გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე “არმია” 11:10 დაწინაურდა (0:10-ის შემდეგ) და გამარჯვებაც ახლოს ჩანდა, მაგრამ “ყოჩები” წარმატებული სერიის შეწყვეტას არ აპირებდა.
მატჩი რომ განახლდა მასპინძლებმა ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს და სოხაძის დარტყმული მიზანს აცდა, მაგრამ ამან ქვემოქართლელთა მონდომება კიდევ უფრო გაზარდა, ცენტრში რამდენიმე დარტყმის შემდეგ გიორგი ბეგაძემ რაქიდან ბურთი ფეხით გადაკიდა, ირაკლი გეგენავამ მისი აღება ყველას დაასწრო, ორ მბოჭავს თავი დააღწია და ლელო ძელებსშუა გაიტანა. სოხაძის გარდასახვა ზუსტი იყო, თუმცა “არმიას” კიდევ რჩებოდა ბოლო იერიში, თუმცა მათ ბურთი დაკარგეს და სწრაფი კონტრშეტევა მიიღეს, ხარშილაძემ ორჯერ და ერთხელ სოხაძემ ფეხით ითამაშეს, ოვალი ლევან გოგოლაშვილმა აიტაცა და გუნდს ზედიზედ მეექვსე გამარჯვება დაუბევა, ხოლო სოხაძემ გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 24:11.
დღის სხვა ორ შეხვედრაში “თიბიეს უნივერსიტეტმა” დიდი წინააღმდეგობა “ლოკომოტივს” და პირველ ტაიმში ერთი ლელო გაუშვა, მაგრამ თავად ორი ჯარიმა გაიტანა და 6:5 დაწინაურდა. რკინიგზელებმა მეორე ტაიმში აღარ გარისკეს, ჯარიმებით საჭირო ქულები აგროვეს და 14:9 იმარჯვეს. ქუთაისში “აიამ” ბოლო წუთზე ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო,მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო და თბილისის “ლელომ” მინიმალური სხვაობით იმარჯვა - 20:19.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
VI ტური
11 ოქტომბერი
თბილისი. “ავჭალა”. 500 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) - თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) 14:9 (5:6)
ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”. 200 მაყურებელი
ყოჩები (ბოლნისი) - არმია (თბილისი) 24:11 (10:3)
ქუთაისი. “აია”. 2500 მაყურებელი
აია (ქუთაისი) - ლელო (თბილისი) 19:20 (12:8)
11/10 @ 19.40 | ქ | სხვ | მ-წ*ფ | $ |
ბოლნისი ყოჩები | 25 | +70 | 6-0 | 1 |
ხარები რუსთავი | 16 | +50 | 3-1*1 | 2 |
ლელო სარასენს | 16 | +14 | 3-1*2 | 0 |
ლოკომოტივი | 14 | +16 | 3-2 | 2 |
ჯიქი ^ | 11 | -15 | 2-2*1 | 1 |
აია ქუთაისი | 11 | -19 | 2-4 | 3 |
არმია | 10 | -43 | 2-4 | 2 |
არმაზი ^ | 9 | -1 | 2-2 | 1 |
ბათუმი | 9 | -14 | 2-3 | 1 |
თიბიეს უნივერს’ | 3 | -58 | 0-6 | 3 |
12 ოქტომბერი
თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი
არმაზი (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
13 ოქტომბერი
თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი
ჯიქები (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)