ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მის კარიერაში ყველაზე რთული მიღწევა „რომასთან“ ერთად ზედიზედ ორჯერ ევროტურნირის ფინალში გასვლა იყო.
„ყველაზე რთულად მიღწეული შედეგი ჩემს კარიერაში? ალბათ ეს იყო „რომასთან“ ერთად ზედიზედ ორჯერ ევროტურნირის ფინალში გასვლა. „რომაში“ ამის გაკეთება შეუძლებელია და ამიტომაც მესამე წელს გამათავისუფლეს (იღიმის - რედ).
ხშირად ვამბობ, რომ მე ფეხბურთელების კი არა, გუნდის მწვრთნელი ვარ, ფეხბურთელებს არ ვწვრთნი. ვმუშაობდი გუნდებში, სადაც მსოფლიოს რამდენიმე საუკეთესო ფეხბურთელი მყავდა, ჩემი ამოცანა კი, ის იყო, რომ შემექმნა ისეთი გარემო, რომელშიც ისინი მაქსიმალურად შეძლებდნენ საკუთარი თავის წარმოჩენას. ბოლო დროს ასევე ვიყავი გუნდებში, სადაც ფეხბურთელები არც ისე მაღალი დონის იყვნენ, ამიტომ საჭირო იყო ინდივიდებისთვის უფრო მეტი ყურადღების დათმობა“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიომ „რომას“ 2022 წელს კონფერენს ლიგა მოაგებინა, ხოლო 2023 წელს ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც იტალიური გუნდი „სევილიასთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.